სატელევიზიო აუდიტორიის მზომი კომპანიის პრეზენტაცია აზერბაიჯანში
2022 წლის 17 ნოემბერს ბაქოში, სასტუმრო მარიოტში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა აზერბაიჯანში ახალი სატელევიზიო საზომი სისტემის პრეზენტაციას. დაახლოებით ერთი წლის წინ ადგილობრივმა პროვაიდერმა MARSA-მ დაიწყო აზერბაიჯანში ახალი TAM სისტემის დანერგვის პროცესი, რომელიც დაფუძნებულია KANTAR-ის უახლეს თანამედროვე ტექნოლოგიებზე (PM7), KANTAR თავის მხრივ, არის MARSA-ს ოფიციალური ტექნოლოგიური პარტნიორი აზერბაიჯანში.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრები, აუდიოვიზუალური საბჭოს წარმომადგენლები, ასევე აზერბაიჯანული ყველა ტელეარხისა და წამყვანი სარეკლამო სააგენტოების/რეკლამის განმთავსებელი კომპანიების წარმომადგენლები.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ სპეციალურად მოწვეული სტუმრები სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მხარს უჭერდნენ ამ პროექტს და ღონისძიების მეორე ნაწილში დრო დაეთმო მათ სიტყვით გამოსვლას. მათ შორის იყო TRI MEDIA INTELLIGENCE-ის სტრატეგიული განვითარებისა და კვლევის დირექტორი ანა ლორთქიფანიძე, რომელმაც ისაუბრა რეგიონში მიმდინარე სიახლეებსა და გამოწვევებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ 2022 წლის იანვარში MARSA-ს სპეციალისტები ეწვივნენ საქართველოში „ტი მედია ინტელიჯენსის“ ოფისს. „ტი ემ აიმ“ აზერბაიჯანელ პარტნიორებს გაუზიარა 6 წლიანი გამოცდილების პრაქტიკა და გააცნო „კანტარის“ ახალი ტექნოლოგია, რომელიც იმ დროისთვის ინერგებოდა საქართველოში.
MARSA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ირადა სულთანოვამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ „აზერბაიჯანის TAM სისტემა აგებულია უახლესი თანამედროვე PM7 ტექნოლოგიის საფუძველზე, პანელი შედგება 950 ოჯახისაგან და მოიცავს არა მხოლოდ ბაქოს, არამედ ქვეყნის 12 ეკონომიკურ რეგიონს, 29 ქალაქსა და 200 სოფელს . გაზომვები მოიცავს 50 ტელეარხს, მათ შორის თურქულ და რუსულ ტელეარხებს, ხოლო მონიტორინგი გაეწევა 17 აზერბაიჯანული არხს. PM7 ტექნოლოგია საშუალებას იძლევა გაიზომოს ყველა ტიპის სიგნალი".
By სოფიო ლეჟავაOn 1 December, 2022