ტელევიზია თუ ინტერნეტი?
ინფორმაციული ვაკუუმი თანამედროვე ადამიანისთვის ყველაზე საშიში რეალობაა, რომლისგან თავის დასაღწევადაც ყველა შესაძლო გზას ეძებს.
ყოველდღიურად მილიარდობით ადამიანი ითხოვს ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღებას. ბაზრის მთვარი კანონით, რაც უფრო მაღალია მოთხოვნა, მის პროპორციულად იზრდება მიწოდებაც.
დღეისათვის ინფორმაციის მიღების 4 ძირითადი წყარო არსებობს, მედია ტექნოლოგიის საშუალებით: ბეჭდვითი მედია, რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი.
ნილსენის მონაცემებზე დაყრდნობით, აშშ-ში ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ სახელდება ტელევიზია. თუმცა 2017-18 წლებში ჩატარებულმა კვლევამ ცხადჰყო, რომ წლიდან წლამდე ტელევიზიის მაყურებელთა პროცენტული მაჩვენებელი, ინტერნეტის მომხარების ზრდის პარალელურად, კლებულობს. ცვლილება განსაკუთრებით იკვეთება ასაკობრივ სეგმენტში. ყველაზე მეტად, სატელევიზიო მოხმარების კლების პროცენტული მაჩვენებელი თვალშისაცემია 18-34 ასაკობრივი ჯგუფის მოსახლეობაში. ამ ასაკობრივ კატეგორიაში, ტელევიზიის ყურება 2017 წლიდან 2018 წლამდე შემცირდა 17.2%-ით. ასევე კლების ტენდენცია შეინიშნება 35-49 ასაკობრივ ჯგუფშიც, კერძოდ, წინა წელთან შედარებით, ეს ასაკობრივი ჯგუფი ტელევიზორის ყურებას 6.2%-ით ნაკლებ დროს უთმობს. შედარებით მცირეა სხვაობა უფრო მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში.
ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ ტელევიზია სახელდება საქართველოშიც. 2018 წლის კვლევის თანახმად, რომელიც ჩაატარა საქართველოს საოგადოებირივი აზრისა და ბიზნესის კვლევითმა საერთაშორისო ცენტრმა (გორბი), გამოკითხულთა 89% ამბობს, რომ კვირის განმავლობაში რამდენჯერმე იღებს ინფორმაციას ტელევიზიით, 69% - ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ასახელებს, 64% იყენებს ინტერნეტს ინფორმაციის მისაღებად, მხოლოდ 21% ეცნობა ახალ ამბებს ბეჭდვით მედიით და 10% - რადიოთი.
ბუნებრივია, საქართველოშიც ახდენს ტელეყურებაზე გავლენას ინტერნეტის ზრდა. აქაც, ცვლილება განსაკუთრებით იკვეთება ასაკობრივ სეგმენტში. სატელევიზიო აუდიტორია თანდათან ბერდება. ზემოთხსენებული კვლევის მიხედვით, 18-44 წლის ადამიანების 85% იყენებს ინტერნეტს ინფორმაციის მისაღებად, მაშინ როცა 45 წელს ზევით მყოფი რესპონდენტთა მხოლოდ 43% ასახელებს ინტერნეტს ინფორმაციის მიღების წყაროდ. სხვაობა ფიქსირდება ტელევიზიის, როგორც საინფორმაციო წყაროს გამოყენების მონაცემშიც, 45 წელს ზევით გამოკითხულთა 96% იყენებს ტელევიზიას კვირის მანძილზე რამდენჯერმე ახალი ამბების გასაცნობად, რაც 18-44 წლის რესპონდენტების 82%-თვისაა ასევე დამახასიათებელი. მიუხედავად ამისა, მაინც აღსანიშსნავია, რომ ჯამში ტელევიზია მაინც ყველაზე პოპულარული პლატფორმა რჩება საქართველოში.
ახალგაზრდა სატელევიზიო აუდიტორიის შემცირების ტენდენცია ასევე იკვეთება „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მონაცემებშიც. 2017-2019 წლის განმავლობაში მთლიანი სატელევიზიო სივრცის 18-44 წლის აუდიტორია 34%-დან 31%-მდე შემცირდა, ხოლო 45 წელს ზევით მყოფი მაყურებელი 53%-დან 56%-მდე გაიზარდა.
მსგავსი ცვლილება ფიქსირდება საინფორმაციო გადაცემების აუდიტორიაშიც, 2017-2019 წლის განმავლობაში საინფორმაციო გადაცემების 18-44 წლის მაყურებელი 29%-დან 26%-მდე შემცირდა, ხოლო 45 წელს ზევით აუდიტორია 60%-დან 65%-მდე გაიზარდა.
აღნიშნულ კვლევებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტელევიზია ინფორმაციის მიღების ნომერ პირველი წყაროა. თუმცა არსებობს იმის ტენდენციაც, რომ წლიდან წლამდე ტელეყურების მაჩვენებელი იკლებს ინტერნეტის მოხმარების ზრდის პარალელურად, განსაკუთრებით ახალგაზრდა სეგმენტში.
ბიბლიოგრაფია:
The State of Traditional TV: Updated With Q3 2018 Data. (2019, April 3). Retrieved from https://www.marketingcharts.com/featured-105414
Pachulia, M. (n.d.). Home. Retrieved from https://www.finchannel.com/opinion/73883-who-will-win-next-elections-television-or-internet
By სოფიო ლეჟავაOn 4 May, 2020