საქართველო-საბერძნეთის მატჩი
გუშინ, 26 მარტს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალი გაიმართა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრებს უმასპინძლა და პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
მატჩის ტრანსლაცია „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ პირდაპირ ეთერში გაიმართა. 2024 წლის 26 მარტს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს, ბოლო 9 წლის განმავლობაში, უფიქსირდება უპრეცედენტოდ მაღალი სატელევიზიო წილი - 24% და სატელევიზიო არხების რეიტინგში იკავებს პირველ ადგილს.
მატჩი 20:50-ზე დაიწყო და წუთში საშუალოდ 1 061 767 მაყურებელმა ნახა. თამაშის მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 66% მიმართული იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე“.
აღნიშნული მატჩის მაყურებელთა 72% თბილისის წარმომადგენელი იყო. რაც შეეხება მატჩის მაყურებელთა ასაკობრივ განაწილებას, ყველაზე მეტი, მაყურებელთა 17% მატჩს 18-44 წლამდე ქალების კატეგორიაში ჰყავდა.
მონაცემები წარმოადგენს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მიერ საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის ყურების ქცევის გაზომვის ოფიციალურ შედეგებს. მონაცემები აღებულია 4 წელს ზემოთ მოსახლეობისგან, სტუმრების გათვალისწინებით
By სოფიო ლეჟავაOn 27 March, 2024