ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 2024
უძველეს და პოპულარულ ოლიმპიურ თამაშებს საფუძველი ძვ. წ. 776 წელს ძველ საბერძნეთში, ქალაქ ოლიმპიაში ჩაეყარა. ოლიმპიური თამაშები ითვლება თანამედროვეობის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო კომპლექსურ სპორტულ შეჯიბრებად, რომელიც ხელს უწყობს მსოფლიოს ახალგაზრდობის მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებას, მშვიდობასა და პროგრესს. მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის სპორტსმენებმა თამაშებში პირველად მონაწილეობა 1908 წელს მიიღეს. მას შემდეგ, ყოველ 4 წელიწადში მსოფლიოს სპორტსმენებს სხვადასხვა ქალაქები მასპინძლობენ.
წლევანდელ ზაფხულის ოლიმპიადას პარიზმა უმასპინძლა. თამაშების ოფიციალური გახსნის ცერემონია 26 ივლისს ჩატარდა. პირდაპირი რეპორტაჟი საქართველოს პირველმა არხმა და პირველი არხი სპორტმა შემოგვთავაზა. საქართველოს პირველ არხზე ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას წუთში საშულოდ 59 098 მაყურებელი ჰყავდა. უნდა აღინიშნოს, რომ წლევანდელი პარიზის გახსნის ცერემონიის ტელემაყურებელთა რაოდენობა 40%-ით აღემატებოდა 2020 წლის ტოკიოში გამართული გახსნის ცერემონიის მაყურებლის რაოდენობას და 68%-ით აღემატებოდა 2016 წლის რიოს გახსნის ცერემონიის ტელეაუდიტორიის რაოდენობას. (მონაცემები მოიცავს შემდეგი ქალაქების ტელეყურების მაჩვენებლებს: თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი, ზუგდიდი, ფოთი).
რაც შეეხება მთლიან საქართველოს, ქვეყნის მასშტაბით 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას საქართველოს პირველ არხზე წუთში საშუალოდ 92 372 ტელემაყურებელი ჰყავდა.
წელს ოლიმპიადაზე, საქართველოს ჩათვლით, 206 მონაწილე ქვეყანა ჩავიდა. თამაშებში 28 ქართველმა ოლიმპიელმა იასპარეზა. მათგან სამმა ოქროს მედლის მოპოვება შეძლო, ასევე სამმა - ვეცხლის, ხოლო ერთმა-ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. 30 ივლისს ძიუდოს ფინალურ შეხვედრაზე ტატო გრიგალაშვილის ასპარეზობას საქართველოს პირველ არხზე წუთში საშუალოდ 244 ათასმა მაყურებელმა უყურა. ლაშა ბექაურის ოქროს მედლის მოპოვება 31 ივლისს 400 ათასმა ტელემაყურებელმა ნახა. ილია სულამანიძის ფინალური გამოსვლის სატელევიზიო წილი 1 აგვისტოს 37% იყო. რაც შეეხება კრივს, ლაშა გურულმა 4 აგვისტოს ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. მის გამოსვლას საქართველოს პირველ არხზე წუთში საშუალოდ 190 ათასი მაყურებელი ჰყავდა. 10 აგვისტოს ქართველმა ოლიმპიელებმა 2 ოქროს მედლის მოპოვება შეძლეს. გენო პეტრიაშვილის ფინალურ გამოსვლას თავისუფალი სტილის ჭიდაობაში საქართველოს პირველ არხზე წუთში საშუალოდ 393 ათასი მაყურებელი ჰყავდა. ლაშა ტალახაძის დაჯილლოებას და ოქროს მედლის მოპოვებას კი 299 ათასმა ადამიანმა უყურა, რამაც სრული სატალევიზიო ტელეყურების 47% შეადგინა. 11 აგვისტოს გივი მაჭარაშვილის ფინალურ შეხვედრას, სადაც მან ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, წუთში საშუალოდ 271 ათასი მაყურებელი ჰყავდა.
ზოგადად, საქართველოს პირველ არხზე, ყველაზე მეტი დრო პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოს გაშუქებას დაეთმო და ტელემაყურებელთა 37% სპორტის სწორედ ამ სახეობას ჰყავდა. ოლიმპიადის ტელემაყურებლების 60%-ს კაცები წარმოადგენდნენ, 40%-ს კი ქალები. ყველაზე მეტი, მაყურებელთა 21%, ზაფხულის ოლიმპიადას 63 წელს გადაცილებულ მამაკეცების კატეგორიაში ჰყავდა, ხოლო ყველაზე ნაკლები, 5% - 4-17 წლამდე გოგონებში. ოლიმპიადის ტელემაყურებელთა 39% საქართველოს სოფლად მცხოვრები მოსახლეობა იყო, 32% ქალაქში მცხოვრები ტელემაყურებელია, ხოლო 29%-თბილისის მაცხოვრებელი.
11 აგვსტოს 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველ არხზე 47 356 ტელემაყურებელი ჰყავდა.
მონაცემები წარმოადგენს „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მიერ საქართველოს სატელევიზიო აუდიტორიის ყურების ქცევის გაზომვის ოფიციალურ შედეგებს. მონაცემები აღებულია 4 წელს ზემოთ მოსახლეობისგან, სტუმრების გათვალისწინებით.
By სოფიო ლეჟავაOn 14 August, 2024