ტელეყურების დინამიკა არჩევნების დღეს საქართველოში
საქართველოში ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ კვლავ რჩება ტელევიზია, თუმცა მისი დომინირება წლების განმავლობაში კლებადი ტენდენციით ხასიათდება. ტელევიზიით ინფორმაციის მიღება განსაკუთრებით ახალგაზრდა ასაკობრივი ჯგუფებში შემცირდა, რომლებიც ალტერნატიულ საშუალებად ინტერნეტსა და სოციალური მედიას განიხილავენ. მიუხედავად ამისა, უფროსი თაობის წარმომადგენლებში ტელევიზიას ყველაზე მაღალი სანდოობა აქვს და მასზეა დამოკიდებული აუდიტორიის ფართო სეგმენტი.
საზოგადოებაში ინფორმაციის მიღებისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ სიახლეების გაცნობის გამძაფრებული ინტერესია არჩევნების პერიოდში, მათ შორის განსაკუთრებულია უშუალოდ არჩევნების დღე. 2016-2024 წლების განმავლობაში, არჩევნების დღე ტელეაუდიტორიის მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება. 2016 წელს საპარლამენტო არჩევნების დღეს, სრული სატელევიზიო რეიტინგი 19.6%-ს შეადგენდა, რაც გულისხმობს რომ საქართველოს 7 ქალაქის (თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი) 18 წელს ზევით მყოფი მოსახლეობიდან, წუთში საშუალოდ 19.6%-მა უყურა ტელევიზორს, ხოლო მინიმუმ ერთი წუთით 63.6% გაჩერდა ტელეეკრანებთან.
არჩევნების დღეს წლიდან წლამდე სატელევიზიო რეიტინგის მაჩვენებელი მზარდია, გამონაკლისია 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების დღე, რომელმაც ტელეაუდიტორიაში წინა ორ (2018 და 2020 წლის არჩევნების დღე) და მომდევნო (2024 წელი) არჩევნებთან შედარებით, ნაკლები ინტერესი გამოიწვია და დღის განმავლობაში წუთში საშუალოდ 20.7%-მა უყურა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს, მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო, საქართველოში სრული სატელევიზიო რეიტინგი, დანარჩენ 8 წელთან შედარებით, 9%-ით გაიზარდა. შესაბამისად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ტელეყურების მაჩვენებლები, სხვა წლების არჩევნების დღეებთან შედარებით, ყველაზე მაღალია.
ზოგადად, სატელევიზიო აუდიტორიის უმრავლესობას (60%) ქალები წარმოადგენენ, გამონაკლისი არც არჩევნების დღეა. ტელეყურების ტრენდის განსხვავებული მაჩვენებლები დაფიქსირდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დღეს, როდესაც აუდიტორიის 54.6%-ს ქალბატონები წარმოადგენდნენ, ხოლო 45.4%-ს - კაცები.
არჩევნების დღის განმავლობაში დაფიქსირებული ტელეყურების დინამიკა ჩვეული ტელეყურების დინამიკის მსგავსია და პრაიმ და არაპრაიმ ზოლებისთვის დამახასიათებელ ტრენდს იმეორებს, ტელეეკრანებთან აუდიტორიის მობილიზება პიკს აღწევს 21:00-22:00 საათობრივ ზოლში.
2024 წლის არჩევნების დღეს, ყველა წინა არჩევნების დღესთან შედარებით, ყველაზე დაბალი რეიტინგი ფიქსირდება 08:00-11:00 დროის მონაკვეთში, ხოლო ასევე ყველა წინა არჩევნების დღესთან შედარებით, სატელევიზიო რეიტინგი, 26 ოქტომბერს, 13:00-21:00 საათობრივ ზოლში, ყველაზე მაღალია.
საინტერესოა, თუ როგორ ნაწილდება არჩევნების დღეს ტელეყურების წილი ახალი არხების გამოჩენისა და არსებული არხების პოპულარობის ცვლილების ფონზე.
2016, 2017 და 2018 წლებში, არჩევნების დღეს, ქართული ტელეარხების ტოპეულში „რუსთავი 2“ ლიდერობდა, ხოლო მეორე პოზიციას „იმედი“ იკავებდა.
2019 ქართული სატელევიზიო ბაზრისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი იყო. კერძოდ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე მომუშავე ჟურნალისტებისა და მენეჯმენტის გუნდის ნაწილმა არხი დატოვა და ორ ახალ ტელეკომპანიაში „მთავარ არხსა“ და „ფორმულაზე“ გადანაწილდა. არსებულმა ცვლილებამ დიდი გავლენა მოახდინა „რუსთავი 2“-ის ტელეყურებაზე, არხის რეიტინგი თითქმის ორჯერ შემცირდა. გარდა ამისა, 2019 წლიდან ქართულ სატელევიზიო არხებს შეემატა ახალი ტელეკომპანია „პოს ტვ“.
არსებული ცვლილებების პარალელურად, 2020 წლის არჩევნების დღეს სატელევიზიო ტოპეული წინა სამ არჩევნებისგან განსხვავებულად გამოიყურება. ჩამონათვალში ლიდერობს ახალი ტელეკომპანია „მთავარი არხი“ 21.91% სატელევიზიო წილით, ხოლო მეორე ადგილს კვლავ „იმედი“ იკავებს 17.81%-ით. სატელევიზიო წილის გადანაწილების სიაში ასევე გვხვდება ორი ახალი ტელეარხი „ფორმულა“ (1.89%) და „პოს ტვ“ (1.72%).
2021 და 2024 წლის არჩევნების დღეს ტელეკომპანია „იმედი“ სტაბილური მეორე პოზიციიდან პირველ პოზიციაზე ინაცვლებს. 2021 წელს მეორე ადგილს „მთავარი არხი“, ხოლო 2024 წელს „ტვ პირველი“ იკავებენ.
მზარდი სატელევიზიო ყურების დინამიკა აქვს „ტვ პირველს“, არჩევნების დღიდან არჩევნების დღემდე იზრდება, როგორც არხის ტელეყურების წილი, ასევე უმჯობესდება მისი პოზიცია ტოპეულში.
გაცილებით სტაბილური რეიტინგით ხასიათდება ტელეკომპანია „იმედი“, ექვსივე არჩევნების დღეს არხის საშუალო რეიტინგი 4%-ს შეადგენს.
არჩევნების დღეს სატელევიზიო არხების ტოპეულებში ხვდებიან ისეთი ტელეარხებიც, რომლებზეც საინფორმაციო კონტენტი არ თავსდება და მხოლოდ გასართობი ჟანრის გადაცემები აქვთ. 2020 წელს არჩევნების დღეს, ყველაზე რეიტინგული სატელევიზიო არხების ჩამონათვალში მხოლოდ ერთი გასართობი კონტენტის მქონე ტელეარხი „ჯი დი ესი“ მოხვდა.
2022 წლის დეკემბრიდან „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მიერ წარმოდგენილი სატელევიზიო რეიტინგები მოიცავს მთლიანი საქართველოს, როგორც ქალაქებისა და რაიონული ცენტრების, ასევე სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ტელეყურებას. არსებულმა ცვლილებამ შესაძლებელი გახადა, 2024 წლის არჩევნების დღის ტელეყურების მაჩვენებლებს დავაკვირდეთ ცალკეულად თბილისში, ქალაქებსა და სოფლებში.
ტელეარხების ჩამონათვალში ნათლად ჩანს თითეულ ლოკაციაზე მოსახლეობის განსხვავებული ინტერესი კონრეტული არხების მიმართ. მაგალითისთვის, „ფორმულას“ და საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველ არხს“ ყველაზე მაღალი სატელევიზიო წილი თბილისში აქვს, ხოლო ყველაზე დაბალი სოფლებში. საპირისპირო დინამიკაა „იმედისა“ და „პოს ტვ“-ს შემთხვევაში, არხებს ტელეყურების ყველაზე დიდი წილი სოფლებში აქვთ, ხოლო ყველაზე ნაკლები - თბილისში. „რუსთავი 2“-ისა და „მთავარი არხის“ სატელევიზიო წილი ყველაზე მაღალია ქალაქებში, ხოლო ყველაზე ნაკლებ ინტერესს არსებული არხები, 2024 წლის 26 ოქტომბერს, სოფლის მოსახლეობაში იწვევენ. არჩევნების დღეს ჩამონათვალში გასართობი კონტენტის სამი ტელეარხი ხვდება „ჯი დი ესი“, „მარაო“ და „კომედი არხი“. საინტერესოა, რომ 7 ქალაქის ტელეყურების ტოპეულში „ჯი დი ესი“ მე-8 პოზიციას იკავებს, ხოლო მთლიანი საქართველოს ტელეყურების მაჩვენებლებში მე-5 პოზიციაზეა, ვინაიდან არხს ყველაზე მაღალი სატელევიზიო წილი სოფლის ტელეაუდიტორიაში აქვს.
By სოფიო ლეჟავაOn 6 November, 2024