ტრი მედია ინტელიჯენსი - კონფერენცია 2025
28 თებერვალს, სასტუმრო „პარაგრაფში“ ჩატარდა „ტრი მედია ინტელიჯენსის“ ყოველწლიური კონფერენცია. კომპანიამ დაარსებიდან 10 წლის იუბილე აღნიშნა, ხოლო ტელეინდუსტრიისთვის პირველი მონაცემების მიწოდებიდან - 9 წელი. შესაბამისად, კონფერენციის მთავარი თემა ტელეყურების ცხრაწლიანი ტრენდები და ტენდენციები იყო. 2016-2024 წლების სატელევიზიო დინამიკა, ტელეაუდიტორიის შესახებ საინტერესო ფაქტები და მნიშვნელოვანი მოვლენები შეაჯამა „ტრი მედია ინტელიჯენსის“ ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამარ მოცრაძემ.
მოწვეულ მომხსნებელებს შორის იყვნენ ტელეინდუსტრიისთვის კარგად ნაცნობი კომპანიების წარმომადგენლები, რომლებმაც საინტერესოდ ისაუბრეს საქართველოში განხორციელებულ წარმატებულ მეგა შოუებზე, ტელეარხებისა და სარეკლამო სააგენტოების შექმნის ისტორიებზე, ასევე სპორტის მნიშვნელობასა და ღირებულებაზე მედიასივრცეში.
სარეკლამო სააგენტო „სტარქომ საქართელოს“ ხელმძღვანელმა ეკატერინე სამადაშვილმა თამთა ყვავაძესთან ერთად ისაუბრა კომპანიის მიერ წარმატებით განვლილი გზის შესახებ ქართულ სარეკლამო ბაზარზე.დამსწრე აუდიტორიისთვის ნოსტალგიითა და ემოციებით სავსე იყო ტელეკომპანია „ბასტი-ბუბუს“ დირექტორის, მარიკა აროშიძის მიერ მოყოლილი ისტორია საბავშვო ტელეარხის დაარსების დღიდან დღემდე. ქართული ტელეინდუსტრიის უცვლელმა ინოვატორებმა გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემ „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელ მიშო ჯიბლაძესთან ერთად კითხვა პასუხის ფორმატში ისაუბრეს საერთაშორისო მეგა პროდუქტების ისტორიაზე, აწმყო გამოწვევებსა და მომავალ პერსპექტივებზე. კონფერენციის დასკვნით ნაწილში ბიძინა ბარათაშვილმა თამარ მოცრაძესთან ერთად საინტერესოდ ისაუბრა სპორტულ ჟურნალისტიკაზე, საფეხბურთო ტრანსლირებების ისტორიასა და ტელეაუდიტორიის რეკორდულ მაჩვენებლებზე.
მიმდინარე წლის კონფერენციაზე „ტრი მედია ინტელიჯენსმა“ დამსწრე აუდიტორიას წარუდგინა ჟურნალი, რომელიც მოიცავს კომპანიის 10 წლის ისტორიას, ტელეყურების ცხრაწლიან დინამიკას, ტენდენციებსა და ანალიტიკას. ჟურნალს ყოველწლიური ხასიათი ექნება და მკითხველს შესთავაზებს სიახლეებს ტელეყურების მნიშვნელოვან ფაქტებსა და საინტერესო მოვლენების შესახებ.
ფოტოგალერეის სანახავად ეწვიეთ ბმულს: კონფერენცია 2025

By სოფიო ლეჟავაOn 4 March, 2025