პანდემიის გავლენა ტელეყურებაზე მსოფლიოსა და საქართველოში

Covid-19-ის პანდემიამ ძალიან მალე მოახდინა გავლენა იმაზე, თუ რას იხილავდა მაყურებელი ტელევიზორში. წარმოება შეწყვიტეს  უმეტესმა პირდაპირმა და ჩაწერილმა გასართობმა გადაცემებმა, მათ შორის ღამის შოუებმა და პირდაპირმა სპორტულმა გადაცემებმა. შეჩერებულია უამრავი ფილმის, სერიალის და შემეცნებითი გადაცემის გადაღებები. სამაგიეროდ, სატელევიზიო ბადეში უფრო მეტი დრო ეთმობა საინფორმაციო გადაცემებს. როგორც ჩანს, შეცვლილი საეთერო ბადისა და დაგეგმილი გადაცემების გაგრძელება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება პანდემია.

მიუხედავად ამისა, კვლევებმა ცხადჰყო, რომ მაყურებელი ახლა უფრო მეტ დროს ატარებს ტელეეკრანთან, ვიდრე ადრე. ამას, რა თქმა უნდა, დიდწილად განაპიროებებს ის, რომ თითქმის მთელი მსოფლიო იზოლაციაშია. შეზღუდულია სოციალური ურთიერთობები, დახურულია რესტორნები, ბარები, კაფეები, შეზღუდულია გადაადგილება როგორც ქვეყნების შიგნით, ასევე ქვეყნების ფარგლებს გარეთაც. ბევრ ქვეყანაში გამოცხადებულია კარანტინი და დაწესებულია ე.წ. კომენდანტის საათი. რა თქმა უნდა, ეს განაპირობებს იმას, რომ ადამიანებისთვის გასართობად და დროის გასაყვანად, უფრო პრიორიტეტული გახდა ტელევიზორი, კომპიუტერი და ტელეფონი. 

ნილსენის მონაცემებზე დაყრდნობით, აშშ-ში პანდემიით გამოწვეული კრიზისის პერიოდში საერთო ტელეყურება 60%-ით გაიზარდა. არსებობს იმის ვარაუდიც, რომ ტელეყურების ეს პროცენტი კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა არა მხოლოდ  იმიტომ, რომ Covid-19-ის პანდემია გაზრდის ტელეყურებას. უფრო იმიტომ, რომ არსებობს ტენდენცია - მოსახლეობა იწყებს ტელევიზორის ყურებას მაშინ, როცა ქვეყანაში/მსოფლიოში რაღაც ცუდი ხდება. ამას კი აკეთებს იმისათვის, რომ იყოს ინფორმირებული მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე დროის გაყვანის მიზნითაც, იქიდან გამომდნიარე, რომ შეზღუდულია სოციალური ურთიერთობები და ხალხი იძულებულია, დროის უმეტესი ნაწილი გაატაროს სახლში. მაგალითად, როცა 2017 წლის აგვისტოში ჰიუსტონს ქარიშხალმა ჰარვიმ გადაუარა, საერთო ტელეყურება 56%-ით გაიზარდა, წინა პერიოდთან შედარებით. ასევე 2016 წლის იანვრის ბოლო შაბათ-კვირას, ნიუ-იურკში ძლიერი თოვლიანობის დროს, შაბათ დღეს ტელეყურება 45%-ით აღემატებოდა წინა კვირის შაბათი დღის ტელეყურებას. ჩამოთვლილი მაგალითების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, იზოლაცია იყო დროებითი და მოკლე ხანში სრულდებოდა. ამით განსხვავდება Covid-19-ის კრიზისი აღნიშნული მაგალითებისგან. ის არც კონკრეტულად რომელიმე რეგიონს მოიცავს მხოლოდ და არც რამდენიმე დღესა თუ კვირაში დასრულდება.

დამატებით, ნილსენის მონაცემებზე დაყრდნობით, ამერიკაში ტელეყურების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი ის მუშახელია, რომელიც ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით მუშაობს დისტანციურად. ისინი კვირაში სამი საათით მეტ ხანს ატარებენ ტელევიზორთან, ვიდრე არადისტანციურადმომუშავე მუშახელი.

მსგავსი სურათია ევროპაშიც, კერძოდ კი, იტალიასა და ესპანეთში, სადაც, მაგალითად, Netflix-ის აპლიკაცია გადმოიწერა და დააყენა 57%-ით მეტმა მომხმარებელმა. დამატებით, იტალიაში YouTube-ისა და Facebook-ის ლაივ მაუწყებლობა 66%-ით გაიზარდა თებერვლის პირველი  და ბოლოს კვირის განმავლობაში. დაფიქსირდა ასევე ისიც, რომ მაყურებელი უყრებს YouTube-ის არხების გაორმაგებულ რაოდენობას.

BARC-ის მონაცემებზე დაყრდნობით, აზიაში, კერძოდ ინდოეთში, იზოლაციის დროს ახალი ამბების ტელეყურება სხვადასხვა ენაზე გაიზარდა 298%-ით. ახალი ამბების წილი 7%-დან საერთო ტელეყურებაში გაიზარდა 21%-მდე. ბიზნეს ამბების წილი გაიზარდა 180%-ით, გასართობი და ინფორმაციული ამბების - 63%-ით, ფილმების - 56%-ით, ხოლო საბავშვო ჟანრის გადაცემების - 39%-ით.

იზოლაციის დროს, ინდოელი მაყურებელი ახალ ამბებს ეძებს და უყურებს ბევრ სხვადასხვა არხზე. BARC-ის მონაცემებზე დაყრდნობით, თუ ჩვეულებრივ დროს მაყურებელი ახალ ამბებს უყურებდა მხოლოდ ერთ არხზე და ისიც მხოლოდ ჰინდიზე, კორონა ვირუსის შემთხვევების დაფიქსირების შემდეგ, სატელევიზიო აუდიტორია გადანაწილდა სხვადასხვა საინფრომაციო არხებზე.

ინდოეთში პრაიმ ტაიმისას ახალი ამბების ჟანრი გაიზარდა 252%-ით, ხოლო არაპრაიმ ტაიმის დროს - 344%-ით.

თებერვლის მეოთხე კვირაში, მაშინ როცა კორონა ვირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა, საერთო ტელეყურების მატება დაფიქსირდა სამხრეთ კორეაშიც (17%).

Covid-19-ის პანდემიამ ასევე გავლენა მოახდინა ტელეყურებაზე საქართველოშიც. იქიდან გამომდინარე, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდა საგანგებო მდგომარეობა, დაწესდა ე.წ. კომენდანტის საათი, შეიზღუდა ავტომობილებით გადაადგილება, მოსახლეობა იძულებულია უფრო მეტი დრო გაატაროს ტელევიზორთან.

უფრო კონკრეტულად კი, მაყურებელთა რაოდენობა 2019 წლის მარტი-აპრილთან შედარებით 2020 წლის მარტი-აპრილის თვეებში გაიზარდა 15%-ით, საქართველოს 7 დიდი ქალაქის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტად, 30%-ით, დასაქმებულმა მაყურებელმა იმატა ტელეეკრანებთან. 

მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ წელს ჯამში საინფორმაციო გადაცემებს დაეთმო 16%-ით მეტი დრო წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით. შესაბამისად, 2020 წელს მოიმატა საინფორმაციო გადაცემების რეიტინგმაც 54%-ით შედარებით 2019 წელთან.

 

ბიბლიოგრაფია:

Jha, L. (2020, April 2). Covid-19 impact: TV news viewership grows 298%. Retrieved from https://www.livemint.com/news/india/covid-19-impact-tv-news-viewership-grows-298-11585831965286.html

Owen, R. (2020, March 18). Tuned In: How COVID-19 crisis impacts what you see on TV. Retrieved from https://www.post-gazette.com/ae/2020/03/19/Tuned-In-COVID-19-crisis-impacts-what-you-see-on-TV-Empire-Supernatural-Modern-Family-GMA3-pandemic-Grey-s-Anatomy-One-Day-at-a-Time-Kristieanne-Reed-Rust-Jeff-Daniels-Jeopardy-Wheel-of-Fortune/stories/202003190024

Perez, S. (2020, March 17). Nielsen explains how COVID-19 could impact media usage across the US. Retrieved from https://techcrunch.com/2020/03/17/nielsen-explains-how-covid-19-could-impact-media-usage-across-the-u-s/

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 23 April, 2020