სამედიცინო ტოკშოუები პანდემიამდე და პანდემიის დროს
სამედიცინო თემატიკის გადაცემები COVID-19-ის გავრცელებამდეც არ იყო უცხო ქართულ სატელევიზიო სივრცისათვის, პანდემიის პირობებში კი, მათი პოპულარობა კიდევ უფრო გაიზარდა. მაყურებლის მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ტელევიზიებმა მიმდინარე მოვლენების შესაბამისად შექმნეს ახალი გადაცემები და შემოგვთავაზეს განახლებული ფორმატი, რითაც ცდილობენ დააკმაყოფილონ აუდიტორიის მოთხოვნა და მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია.
როგორც სჩანს, სწორედ COVID-19-თან დაკავშირებით დაიწყო ახალი გადაცემა „პანდემია“ ტელეკომპანია რუსთავი 2-მა, რომელიც პირველად 27 მარტს ჩაეშვა ეთერში. ეს არის სამედიცინო თემატიკის ტოკშოუ, რომელიც მაყურებელს უახლეს აღმოჩენებს აცნობს ვირუსის შესახებ. 28 აპრილის მდგომარეობით გადაცემა ჯამში 5-ჯერ გავიდა და საქართველოს 7 დიდი ქალაქის 4 წლის და უფროსი სატელევიზიო აუდიტორიიდან, წუთში საშუალოდ 48 ათასი მაყურებელი ჰყავდა.
ახალი სამედიცინო ტოკშოუ დაიწყო ტელეკომპანია „ფორმულამაც“. გადაცემა სახელად „ჯანმრთელობის ფორმულა“ პირველად 25 აპრილს გავიდა და მისი სატელევიზიო აუდიტორია 7 დიდ ქალაქში, წუთში საშულოდ 8 ათასი მაყურებელია.
ტელეკომპანია „იმედმა“ 8 თებერვალს ეთერში გაუშვა ახალი გადაცემა „ანატომია“, რომლის მაჩვენებლებიც საგრძნობლად გაიზარდა ვირუსის გავრცელების შემდეგ ეტაპზე. თუ პირველ გადაცემას წუთში საშუალოდ 63 ათასი მაყურებელი ჰყავდა, 28 მარტს ამ მაჩვენებელმა 92 ათასს მიაღწია საქართველოს 7 დიდ ქალაქში. 4 აპრილიდან გადაცემა უკვე ახალი სახელით არის წარმოდგენილი („დარჩისახლში“) და შეცვლილი ფორმატით გვხვდება ეთერში.
საერთო მონაცემებით, საქართველოში 26 თებერვალს COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევის დაფიქსირების შემდეგ სამედიცინო თემატიკის ტოკშოუების აუდიტორია წინა პერიოდთან შედარებით მკვეთრად არის გაზრდილი. კერძოდ, 1 იანვარი-25 თებერვლის მონაცემებით სამედიცინო გადაცემები (განმეორებითი ჩვენების გარეშე) ფიქსირდებოდა 8 ქართულ ტელეარხზე და 7 დიდი ქალაქის სატელევიზიო აუდიტორიის მონაცემების მიხედვით, წუთში საშუალოდ 4,5 ათასი მაყურებელი ჰყავდა, ხოლო 26 თებერვალი-27 აპრილის პერიოდში ტელევიზიების რიცხვი 10-მდე გაიზარდა და მაყურებელთა რაოდენობამ საშუალოდ 7,6 ათასს მიაღწია საქართველოს 7 დიდ ქალაქში. ეს რაოდენობა აღემატება 2019 წლის იმავე პერიოდის - 26 თებერვალი-27 აპრილის მონაცემსაც, რომელიც 15 ტელეარხის სამედიცინო გადაცემების მაჩვენებელი ჯამური მდგომარეობით შეადგენდა წუთში საშუალოდ 6,6 ათასს მაყურებელს.
პანდემიის პერიოდში (26 თებერვალი-27 აპრილი) 10 ქართული ტელევიზიის სამედიცინო ტოკშოუებს შორის ჯამურად ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, განმეორებითი ჩვენების გარეშე, უფიქსირდება გადაცემა „ანატომიას“ (იმედი) - წუთში საშუალოდ 72 ათასი ადამიანი. მეორე ადგილს იკავებს „პანდემია“ (რუსთავი 2) 48 ათასი მაყურებლით. მათ მოსდევს „პირადი ექიმი“ (საზ. მაუწყებლის 1-ლი არხი) - წუთში საშუალოდ 9 ათასი მაყურებელი.
2020 წლის მონაცემებით (ეყრდნობა 7 დიდი ქალაქის 4 წლის და უფროს სატელევიზიო აუდიტორიას, სადაც მოსახლეობა აღემატება 40 ათასს და შინამეურნეობას აქვს ერთი მუშა ტელევიზორი მაინც) ეპიდემიის გავრცელებამდე სამედიცინო თემატიკის ქართული ტოკშოუების აუდიტორიის უმრავლესობას, 52%-ს, პენსიონერი მაყურებელი წარმოადგენდა, ხოლო ეპიდემიის შემდეგ ყველაზე დიდი წილი, 41%, დასაქმებულმა მაყურებელმა დაიკავა.
By სოფიო ლეჟავაOn 1 May, 2020