კორონა ვირუსის გავლენა მსოფლიო სპორტზე
კორონავირუსმა მსოფლიოს მასშტაბით, საზოგადოებრივი ცხოვრების უკლებლივ ყველა ასპექტზე მოახდინა გავლენა. ტურიზმი, მომსახურება, კულტურა, ეკონომიკა, განათლება - ყველა სფერომ იწვნია ვირუსით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. გამონაკლისი არც სპორტია. თუ გავითვალისწინებთ, რომ მსოფლიო სპორტის საერთო ღირებულება შეფასებულია 756 მილიარდ დოლარად წელიწადში, რთული არ იქნება იმის განსაზღვრა, თუ რა გლობალური ფინანსური პრობლემის წინაშე დადგა ის 2020 წლიდან. გაუქმდა ან გადაიდო სპორტის უკლებლივ ყველა სახოების ტურნირი, შეჯიბრება, მატჩი. 2021 წლამდე გადაიდო ტოკიოს ოლიმპიადა და ევროპის ჩემპიონატები. პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გადაიდო უიმბლდონის ტურნირი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ გადადებული და გაუქმებული მასშტაბური ღონისძიებების უკან დგანან არა მხოლოდ პროფესიონალი სპორტსმენები, რომლებიც სახლის პიროებებში ცდილობენ სპორტული ფორმის შენარჩუნებას, არამედ ასევე დგას მილიონობით ადამიანი, რომელიც დასაქმებულია სპორტთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროებში, როგორებიცაა: ტურიზმი, ინფრასტრუქტურა, ტრანსპორტი, კატერინგი, მედია მაუწყებლობები. ეს უკანასკნელი სფერო ყველა დანარჩენთან შედარებით უფრო მომგებიან პოზიციაში აღმოჩნდა იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიომ თანდათანობით დაიწყო სპორტული ღონისძიებების ჩატარება გულშემატკვრების გარეშე, ცარიელ სტადიონებზე და დარბაზებში. ამან შესაძლებლობა მისცა სპორტულ არხებს გაეგრძელებინათ მუშაობა და რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ტელეეკრანებზე დაებრუნებინათ ცოცხალი სპორტი.
რა თქმა უნდა, ქართული სპორტული არხებიც სთავაზობენ ქართველ გულშემატკივარს განახლებული სპორტული ღონისძიებების ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში, თუმცა როგორც მსოფლიოს მასშტაბით, ასევე ქართულ სპორტულ არხებზეც იგძნობა მაყურებელთა ნაკლებობა, რომელიც გარკვეულწილად დაკავშირებულია კორონა ვირუსის პანდემიასთან. აღნიშული თვალსაჩინოა გრაფიკზე: თუ მაგალითად, 2019 წლის აპრილში სპორტულ არხებს წუთში საშუალოდ 5700 მაყურებელი ჰყავდა, 2020 წელს მათი რაოდენობა 2700-მდეა შემცირებული.
ქართულ სატელევიზიო სივრცეში იმ არხებზე, რომელთა რეიტინგსაც ითვლის „ტრი მედია ინტელიჯენსი“, 2020 წელს (იანვარი-მაისი) 11%-ითაა შემცირებული სპორტული ჟანრის გადაცემების ხანგრძლივობა 2019 წლის ამავე პერიოდთან შედარებით.
რაც შეეხება ზოგადად, სპორტული ჟანრის მაყურებელთა გენდერულ გადანაწილებას, ამ ჟანრის 63%-ს წარმოადგენენ კაცები, ხოლო 37%-ს - ქალები.
ხოლო ასაკობრივი გადანაწილება ასე გამოყურება: საქართველოში სპორტულ ჟანრს ყველაზე მეტი მაყურებელი (19%) 45-54 წლის ასაკის მაყურებელში ყავს.
ბიბლიოგრაფია:
How the Coronavirus Could Affect the TV Industry. (n.d.). Retrieved June 12, 2020, from https://www.emarketer.com/content/how-the-coronavirus-could-affect-the-tv-industry
How is the Coronavirus Affecting Sports? (2020, April 17). Retrieved June 12, 2020, from https://www.masterstudies.com/article/how-is-the-coronavirus-affecting-sports/
The impact of COVID-19 on sport, physical activity and well-being and its effects on social development | DISD. (n.d.). Retrieved June 12, 2020, from https://www.un.org/development/desa/dspd/2020/05/covid-19-sport/
By სოფიო ლეჟავაOn 15 June, 2020