სატელევიზიო ყურების სეზონური ხასიათი

სატელევიზიო ყურებაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. მათ შორის ერთ-ერთია სეზონურობა. საქართველოს 7 დიდ ქალაქში (თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი, ბათუმი) მაყურებელი ზამთარში უფრო მეტ დროს ატარებს ტელევიზორთან, ვიდრე ზაფხულში. 2016-2020 წლებში ტელევიზორის ყველაზე მაღალი ყურება იანვარში ფიქსირდება, ამ დროს სატელევიზიო ბადე დატვირთულია საახალწლო გასართობი ჟანრის გადაცემებით, მხატვრული ფილმებითა და კონცერტებით. ტელევიზორის ყველაზე ნაკლები ყურება კი ამ პერიოდში ფიქსირდება აგვისტოში, როცა მაყურებელი უფრო მეტ დროს სახლის გარეთ ატარებს. 

 

ზოგად ყურებასთან ერთად იზრდება ან იკლებს კონკრეტული ჟანრების ყურებაც. მაგალითად, 2016-2019 წლებში, საქართველოს 7 დიდ ქალაქში, ზამთარში გასათობი გადაცემების ყურება იზრდება 40%-ით, მხატვრული ფილმების - 24%-ით, ხოლო საინფორმაციო გადაცემების - 12%-ით. 

 

როგორც გრაფიკიდან ჩანს, 2016-2019 წლებში, საქართველოს 7 დიდ ქალაქში, ზამთარში უფრო მაღალია ყველა ჟანრის ყურება, ვიდრე ზაფხულში. გამონაკლისია სპორტი. როგორც ჩანს, სპორტულ გადაცემებს უფრო მეტად უყრებენ ზაფხულში, ვიდრე ზამთარში. ეს ფაქტი ალბათ განპირობებულია იმით, რომ ძირითადი სპორტული აქტივობები, შეჯიბრებები, მატჩები იმართება ზაფხულობით. 

მსოფლიოში მიმდინარე პანდემიის გამო, სურათი გასხვავებულია 2020 წელს. ამ წელს საინფორმაციო ჟანრს ტელესივრცეში 2 332 საათი დაეთმო. ასევე 2020 წლის მარტში, აპრილსა და მაისში დაფიქსირდა საინფორმაციო გადაცემების ყველაზე მაღალი ყურება წინა 2 წელთან შედარებით. 2020 წლის აპრილში საინფორმაციო გადაცემების ყურება გაიზარდა 44%-ით 2019 წლის აპრილთან შედარებით იმ ქართულ არხებს შორის, რომელზეც „ტრი მედია ინტელიჯენსი“ ახდენს მონიტორინგს. 

 

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 19 August, 2020