არჩევნების გავლენა ტელეყურებაზე
სატელევიზიო ყურება თავისებურებებით გამოირჩევა, რომელთა შორის ერთ-ერთია სეზონურობა. უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანი სატელევიზიო რეიტინგის დინამიკაში იკვეთება ყურების სეზონური ცვალებადობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ზამთარში, კერძოდ, დეკემბერში რეიტინგი პიკს აღწევს, ხოლო ზაფხულში, კერძოდ, აგვისტოში, დეკემბერთან შედარებით, რეიტინგი დაახლოებით 8%-ით მცირდება.
2020 წლის აპრილში მიმდინარე კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, საქართველოში სატელევიზიო რეიტინგი 25%-მდე გაზარდა 2016-2019 წლების აპრილის თვესთან შედარებით და ეს არ არის მხოლოდ საქართველოს დიდი ქალაქების მაგალითი, მსგავსი ტენდენცია განმეორდა მთელ მსოფლიოში.
სეზონურობასთან და პანდემიის მსგავს გლობალურ მოვლენებთან ერთად არსებობს კიდევ მრავალი ფაქტორი, რაც სატელევიზიო ყურებაზე ახდენს გავლენას. ერთ-ერთი მათგანია არჩევნები. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ტემპერატურის აწევა უმეტეს შემთხვევაში ზრდის საინფორმაციო კონტენტისადმი აუდიტორიის ინტერესს და წინასაარჩევნო პერიოდშიც სატელევიზიო სივრცე ყველაზე მეტადაა დატვირთული საინფორმაციო გადაცემებითა და პოლიტიკური ტოკშოუებით. ამის გათვალისწინებით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისას საინფორმაციო ჟანრის რეტინგი 43%-ით გაიზარდა თუ შევადარებთ აგვისტოს თვეს სექტემბერ-ოქტომბრის თვესთან. რაც შეეხება, აქციებსა და მანიფესტაციებს, საინფორმაციო ჟანრის რეიტინგი ამ დროს 24%-ით იმატებს თუ შევადარებთ 2019 წლის მაისის თვეს ივნისის თვესთან. წუთში საშუალოდ მაყურებლის 44%-ით ზრდა დაფიქსიდა 2016 წლის ოქტომბერში აგვისტო-სექტემბრის თვეებთან შედარებით საპარლამენტო არჩევნებისას, 11%-ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი 2017 წლის ოქტომბერში აგვისტო-სექტემბრის თვეებთან შედარებით თვითმმართველობის არჩევნებისას, ხოლო 28%-ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი 2018 წლის ნოემბერში სექტემბერ-ოქტომბრის თვეებთან შედარებით საპრეზიდენტო არჩვენდების დროს. 2020 წლის ოქტომბერში კი აგვისტო-სექტემბრის თვეებთან შედარებით, წუთში საშუალოდ მაყურებლის 33%-ით ზრდა ფიქსირდება საინფორმაციო გამოშვებებზე.
ზოგადად, არჩევნების პერიოდში საინფორმაციოსთან ერთად ცვლილებას განიცდის სხვა ჟანრებიც. მაგალითად, ტოკშოუების რეიტინგი არჩევნების პერიოდში საშუალოდ 200%-მდე იზრდება: უფრო დეტალურად, 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების დროს, ტოკშოუების რეიტინგმა 194%-ით მოიმატა სექტებერ-ოქტომბრის თვეში აგვისტოს თვესთან შედარებით, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ტოკშოუების რეიტინგი 220%-ით გაიზარდა სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში აგვსიტოს თვესთან შედარებით. რაც შეეხება სერიალებს, 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების დროს სერიალების რეიტინგმა სექტემბერ-ოქტომბერში 17%-ით დაიკლო აგვისტოს თვესთან შედარებით.
ამ დინამიკაზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, არსებობს უტყუარი ტენდენცია იმისა, რომ საინფორმაციო გამოშვებებისა და ტოკშოუების რეიტინგი პროცენტულად იზრდება, ხოლო სერიალების და გასართობი გადაცემების რეიტინგი კლებას განიცდის არჩევნების პერიოდში.
შენიშვნა: „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მონაცემებეი ეყრდნობა თბილისისა და 6 დიდი ქალაქის (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი, ფოთი) მონაცემებს.
By სოფიო ლეჟავაOn 16 December, 2020