საახალწლო მილოცვები
ახალი 2021 წლის დადგომა მოსახლეობას ტრადიციულად მიულოცეს საქართველოს მთავრობის პირველმა პირებმა და პატრიარქმა. მილოცვების ტრანსლირება დაიწო ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე წუთით ადრე. საქართველოს მოსახლეობას 2021 წლის დადგომა მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, თბილისის მერმა და პატრიარქმა.
საქართველოს პატრიარქის საახალწლო მილოცვა სულ 13 არხზე გავიდა და თბილისში მან 211 ათასი მაყურებელი მოიცვა, ხოლო რეგიონში - 89 ათასი მაყურებელი. 3 არხის მონაცემების მიხედვით („იმედი“, „1-ლი არხი“, „ტვ პირველი“) პატრიარქის მილოცვა წელს 3%-ით ნაკლებმა მაყურებელმა ნახა, ვიდრე გასულ წელს. პატრიარქის მილოცვის მაყურებელთა 38%-ს კაცები შეადგენდნენ, ხოლო 62%-ს ქალები.
საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას ახალი წლის დადგომა ორბელიანების სასახლიდან მიულოცა. მისი მილოცვა ჯამში 14 არხზე გავიდა და თბილისში მან 227 ათასი მაყურებელი მოიცვა, ხოლო რეგიონში - 108 ათასი. 3 არხის მონაცემების მიხედვით („იმედი“, „1-ლი არხი“, „ტვ პირველი“), წინა წელთან შედარებით, პრეზიდენტის მილოცვა 16%-ით ნაკლებმა მაყურებელმა ნახა. პრეზიდენტის მილოცვის მაყურებელთა ყველაზე მეტ 21%-ს შეადგენდნენ 45-64 წლამდე ასაკის ქალები, ხოლო ყველაზე ნაკლებ 5%-ს შეადგენდნენ 4-17 წლამდე ასაკის მამრობითი სქესის წარმომადგენლები.
რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის მილოცვას, ის 13 არხზე გავიდა და თბილისში მან 239 ათასი, ხოლო რეგიონში 99 ათასი მაყურებელი მოიცვა. გიორგი გახარიას მილოცვის მაყურებელთა 35%-ს კაცები შეადგენდნენ, ხოლო 65%-ს ქალები.
პარლამენტის თავმჯდომარის მილოცვა 12 არხზე გავიდა და თბილისში მან 216 ათასი, ხოლო რეგიონში 98 ათასი მაყურებელი მოიცვა. არჩილ თალაკვაძის მილოცვის მაყურებელთა ყველაზე მეტ 21%-ს კვლავ 45-64 წლამდე ასაკის ქალები შეადგენდნენ, ხოლო ყველაზე ნაკლებ 5-5%-ს 4-17 წლისა და 65 წელს გადაცილებული კაცები.
მხოლოდ 4 არხზე გავიდა თბილისის მერის საახალწლო მილოცვა და მან თბილისში 178 ათასი, ხოლო რეგიონში 68 ათასი მაყურებელი მოიცვა. კახა კალაძის მილოცვის მაყურებელთა 38%-ს კაცები, ხოლო 62%-ს ქალები შეადგენდნენ.
გრაფიკზე ნაჩვენებია ეთერში გასული საახალწლო მილოცვების მოცვის პროცენტული მაჩვენებლები იმ არხების რაოდენობის გათვალისწინებით, რომლებზეც მოხდა მათი ტრანსლირება.
აუდიტორიის ყველაზე მეტი 23% მოიცვა პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას საახალწლო მილოცვამ, რომლის ხანგრძლივობაც 3 წუთი იყო. აუდიტორიის 22% მოიცვა პრეზიდენტის საახალწლო მილოცვამ, რომელსაც ყველაზე ხანგრძლივი, 6 წუთიანი გამოსვლა ჰქონდა. პატრიარქმა თავისი ორწუთნახევრიანი მილოცვით აუდიტორიის 20%, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარემ აუდიტორიის 21% მოიცვეს. რაც შეეხება თბილისის მერს, მას წუთნახევრიანი ხანგრძლივობის მილოცვა ჰქონდა და აუდიტორიის 17% მოიცვა.
შენიშვნა: „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მონაცემებეი ეყრდნობა თბილისისა და 6 დიდი ქალაქის (ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ზუგდიდი, ფოთი) მონაცემებს.
სამიზნე სეგმენტი: 4+ სტუმრების გარეშე
By სოფიო ლეჟავაOn 21 January, 2021