საქართველო-ესპანეთის შესარჩევი მატჩი
გუშინ, 28 მარტს „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ ეთერში გავიდა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი ფეხბურთში საქართველო-ესპანეთი. უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის განმავლობაში სტადიონზე გულშემატკივრის დასწრება პირველად იყო ნებადართული. ანგარიში დასრულდა 1:2, ესპანეთის გუნდის სასარგებლოდ.
მატჩი საღამოს 8 საათზე დაიწყო და ის წუთში საშუალოდ 188 ათასმა მაყურებელმა ნახა. მატჩის მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 34% მიმართული იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე“.
საქართველო-ესპანეთის მატჩის მსვლელობისას თბილისის სატელევიზიო ყურების 34%, ხოლო რეგიონის სატელევიზიო ყურების 35% მიმართული იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე“. რაც შეეხება მატჩის ასაკობრივ გადანაწილებას, ყველაზე მეტი, 34% მაყურებელი მას 65 წელს ზემოთ კაცების ასაკობრივ ჯგუფში ჰყავდა. მატჩის სატელევიზიო აუდიტორიის 60%-ს კაცები შეადგენდნენ, ხოლო 40%-ს - ქალები.
მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს, სადაც კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ ახდენს ყურებადობის გაზომვას. მონაცემები აღებულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისგან სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.
By სოფიო ლეჟავაOn 29 March, 2021