ზაფხულის ოლიმპიური თამაშები

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 4 წელიწადში ერთხელ ტარდება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ეგიდით. ბოლო თამაშები, რომელიც უნდა გამართულიყო 2020 წელს, მსოფლიო პანდემიის გამო გადაიდო და ჩატარდა 2021 წელს ტოკიოში. ოლიპმიური თამაშების გახსნის ცერემონიალი გაიმართა 23 ივლისს, ხოლო დახურვის ცერემონიალი -  8 აგვისტოს. საქართველოში მისი ტრანსლირება მოხდა საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ლი არხის საშუალებით.  მაყურებლის მოლოდინი წლევანდელ თამაშებზე დიდი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ მასში მონაწილეობას 33 ქართველი სპორტსმენი იღებდა. წლევანდელი ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალი საქართველოს 7 ქალაქში წუთში საშუალოდ 42 ათასმა მაყურებელმა ნახა, რაც 2016 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალის მაყურებელზე 70%-ით მეტია. საბოლოოდ ქართველმა ოლიმპიელებმა 8 მედალი მოიპოვეს, აქედან 2 ოქრო, 5 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.

საერთო ჯამში, ტოკიოს ოლიმპიადა საქართველოს 7 ქალაქში წუთში საშუალოდ 27 ათასმა მაყურებელმა ნახა, ხოლო  2016 წლის რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადა - წუთში საშულოდ 24 ათასმა.  ტოკიოს ოლიმპიადა საქართველოს 7 ქალაქში წუთში საშუალოდ 18 ათასმა კაცმა ნახა, რაც 100%-ით მეტია ოლიმპიადის ქალ მაყურებლებზე. შესამჩნევი გასხვავება იყო დახურვის ცერემონიალის მაყურებელთა რაოდენობას შორისაც: ტოკიოს ოლიმპიადის  დახურვის ცერემონიალის მაყურებელთა რაოდენობა 100%-ით აჭარბებდა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალის მაყურებლის რაოდენობას. 

რაც შეეხება ოქროს მედალოსნების, ლაშა ტალახაძისა და ლაშა ბექაურის ფინალურ შეხვედრებს, რომლებსაც საქართველოს 7 ქალაქში ყველაზე მეტმა მაყურებელმა უყურა: ლაშა ბექაურის ფინალურ შეხვედრა 28 ივლისს წუთში საშუალოდ 52 ათასმა მაყურებელმა ნახა, ხოლო ლაშა ტალახაძის ფინალური გამოსვლა 4 აგვისტოს - 91 ათასმა მაყურებელმა. ტალახაძის გამოსვლისას ჩართული ტელევიზორების 30% მომართული იყო საზოგადოებრივი მაუწყებლის 1-ლ არხზე.  

 

მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის  (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს, სადაც  კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ ახდენს ყურებადობის გაზომვას. მონაცემები აღებულია 4 წელს ზემოთ მოსახლეობისგან სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 27 August, 2021