საერთაშორისო აუდიტის დასკვნა „ტრი მედია ინტელიჯენსის“ შესახებ

14 სექტემბერს გაიმართა ონლაინ პრეზენტაცია „ტრი მედია ინტელიჯენსის“ საერთაშორისო აუდიტის დასკვნასთან დაკავშირებით. დასკვნაში ნათქვამია, რომ სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ რომელიც საქართველოში „კანტარის“ მედია დანაყოფის ოფიციალური წარმომადგენელია, ყველა საერთაშორისო სტანდარტს აკმაყოფილებს. აუდიტმა გამოავლინა, რომ რიგი პარამეტრები რომლითაც „ტრი მედია ინტელიჯენსი“ საქმიანობს, იმაზე მაღალ მაჩვენებელს აფიქსირებს, ვიდრე სტანდარტი მოითხოვს და შესაბამისად, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან შედარებით კიდევ უფრო წინ არის.  

პრეზენტაცია ჩატარდა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ორგანიზებით და მასში მონაწილეობას იღებდნენ: „კანტარის“ უფროსი დირექტორი კელდ ნილსენი, საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „3M3A“-ის წარმომადგენლები - კრისტოფერ ოჰერნი და რობერტ რუდი, ასევე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრი ვახტანგ აბაშიძე და „ტრი მედია ინტელიჯენსის“ დირექტორი - ანა ლორთქიფანიძე. დისკუსიას მოდერაციას უწევდა ივანე მახარაძე, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აუდიო-ვიზუალური რეგულირების დეპარტამენტის უფროსი. პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ სატელევიზიო მაუწყებლების, სარეკლამო კომპანიების, მედიისა და მედიაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთა მონაწილეობითაც პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გაიმართა საინტერესო დისკუსია.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქვეყანაში არსებულ ორივე მთვლელ კომპანიას შესთავაზა საერთაშორისო აუდიტის ჩატარება, თუმცა თანხმობა მხოლოდ „ტრი მედია ინტელიჯენსმა“ განაცხადა. აუდიტი 2021 წლის ივნისსა და ივლისში ჩატარდა. გაანალიზებულ იქნა მონაცემები 2018 წლიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით. საველე სამუშაოები 2021 წლის ივლისში ჩატარდა.

აუდიტის ფარგლებში მოხდა მნიშვნელოვანი კრიტერიუმების შესწავლა, მათ შორის: TMI-ს საბაზისო კვლევის განხორციელება, წარმომადგენლობითობა და მეთოდოლოგია, პანელის მწარმოებლურობა, მონაცემთა მოცულობა, დიზაინი, ეფექტიანობა და განახლება, ასევე პანელის წევრი შინამეურნეობების რეკრუტირება და როტაცია, საბაზისო კვლევის ხარისხის კონტროლი, წონები და კითხვარი, პანელში მონაწილეობის ინსტრუქციების შესრულება და დამთხვევითობის კვლევები. აუდიტორებმა ასევე შეისწავლეს: სატელევიზიო არხების რეფერენსირება, მონაცემთა გენერირების წესები და მონაცემთა ვალიდაციისა და უარყოფის მიდგომები, მონაცემთა გენერირება და ვერიფიკაცია, მონაცემთა ტექნიკური უსაფრთხოებისა და რეზერვირების სისტემები - აღნიშნული კომპონენტების მიხედვით აუდიტის დასკვნით, TMI-ის საქმიანობა სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოში გამართული სისტემა უპრობლემოდ იმუშავებდა როგორც „კანტარის“ გავრცელების ყველა, ასევე ნებისმიერი სხვა სისტემის მქონე ქვეყანაში. სრულმა ანალიზმა დაადასტურა, რომ სერვისი შეიქმნა და მუშაობს უმაღლესი სტანდარტით და შეესაბამება GGTAM-ის პრინციპებს და საერთაშორისო სტანდარტებს.  

აუდიტის დასკვნის შეჯამებაში ვკითხულობთ: „ჩვენ დავადგინეთ, რომ როგორც TMI–ის მეთოდოლოგია, ასევე მისი პროტოკოლები და ხარისხის კონტროლის პრაქტიკა შესანიშნავია. ის კარგად არის დოკუმენტირებული, მიჰყვება საერთაშორისო მითითებებს და პრაქტიკაში თანმიმდევრულად არის განხორციელებული. გვსურს ცალკე გამოვყოთ პანელის მენეჯმენტი, რაც სულ მცირე, უტოლდება, თუკი არ აღემატება კიდეც სხვა ქვეყნებში არსებულ პრაქტიკებს. პანელის კვალიფიციური მენეჯმენტი აისახება მონაცემთა მაღალ ხარისხსა და საერთაშორისო მაჩვენებლებისა და შესრულების ძირითადი ინდიკატორების წარმატებით მიღწევაში. შესაბამისად, საბოლოო შედეგი არის კარგად შემუშავებული, მაღალი ხარისხის პანელი, რომელიც იძლევა თანმიმდევრულ და საიმედო შედეგებს. ჩვენ ვადასტურებთ, რომ TMI-ს სერვისი საქართველოში არის საერთაშორისო სტანდარტის და მტკიცედ ვადასტურებთ, რომ ამ სერვისს შეიძლება დაეყრდნო ზუსტი მონაცემების მისაღებად და ის შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც საბაზრო ვალუტა“.

აუდიტის დასკვნა მარეგულირებელმა კომისიამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა და მისი გაცნობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ქართულ და ინგლისურ ენებზე.

 

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 17 September, 2021