უეფას ერთა ლიგის ივნისის მატჩები

2022 წლის 2 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით, უეფას ერთა ლიგის ფარგლებში საქართველოს ნაკრებმა ოთხი მატჩი გამართა: ორი საშინაო, ხოლო ორი საგარეო შეხვედრა. ოთხივე მატჩი „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე“  პირდაპირ ეთერში გავიდა.

პირველი შეხვედრა ქართველებმა 2 ივნისს, „დინამო არენაზე“ გიბრალტარის წინააღმდეგ გამართეს. მასპინძლებმა დამაჯერებლად, ანგარიშით 4:0 გაიმარჯვეს. მატჩი საღამოს 20:00 საათზე დაიწყო და ის წუთში საშუალოდ 87 ათასმა ტელემაყურებელმა ნახა. მატჩის მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 19% მიმართული იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე“.

მეორე შეხვედრა 5 ივნისს, ქართველებმა სტუმრად - ქალაქ რაზგრადში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარეს და მათ ისევ დამაჯერებლად, ანგარიშით 2:5 მოუგეს. მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყო და ის ტელევიზიით წუთში საშუალოდ 132 ათასმა ადამიანმა ნახა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ სატელევიზიო წილი ამჯერად 32%-მდე გაიზარდა, რის შედეგადაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“ 5 ივნისს სატელევიზიო არხების ტიპეულში დაწინაურდა და მე-2 პოზიცია დაიკავა.

რიგით მესამე შეხვედრა, 9 ივნისს ქალაქ სკოპიეში, ჩრდილოეთ მაკედონიასა და საქართველოს შორის გაიმართა, მატჩი თბილისის დროით კვლავ 22:45 საათზე დაიწყო და მას ტელევიზიით წუთში საშუალოდ 136 ათასი ადამიანი უყურებდა, ხოლო „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ სატელევიზიო წილი 31% იყო.

უკანასკნელი შეხვედრა რომელიც საქართველოს ნაკრებმა ივნისის თვეში გამართა, შედგა „დინამო არენაზე“, ბულგარელების წინააღმდეგ, 12 ივნისს, 20:00 საათზე. მიუხედავად იმისა რომ მატჩის ყველა ბილეთი გაიყიდა და სტადიონზე 55,000 ადამიანი შეიკრიბა, ამ შეხვედრამ განვლილ სამ შეხვედრასთან შედარებით ყველაზე დიდი სატელევიზიო ყურება მოიპოვა, მატჩს წუთში საშუალოდ 171 ათასმა ადამიანმა უყურა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ სატელევიზიო წილი 35% -მდე გაიზარდა. 5 ივნისის მსგავსად, 12 ივნისსაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხს“ სატელევიზიო არხების ტელეყურების ჩამონათვალში მე-2 პოზიცია ეკავა.

ამ ოთხი მატჩის მსვლელობისას მაყურებელთა 66% თბილისის, ხოლო 34% რეგიონის წარმომადგენელი იყო, ასევე მაყურებელთა 63%-ს კაცები წარმოადგენდნენ, ხოლო 37%-ს  ქალები. რაც შეეხება მატჩის აუდიტორიის ასაკობრივ გადანაწილებას, ყველაზე მეტი, მაყურებელთა 24%  - 18-44 წლამდე კაცების ასაკობრივ ჯგუფში ჰყავდა, ხოლო ყველაზე ნაკლები - 4%, 4-17 წლამდე ქალებში.

 

მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს სადაც კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ ზომავს სატელევიზიო ყურებას. მონაცემები აღებულია 4 წელს ზემოთ მოსახლეობისგან, სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 13 June, 2022