დროში წანაცვლებული ტელეყურება

კაცობრიობის ერთ-ერთმა უდიდესმა გამოგონებამ, ტელევიზიამ, როგორც ისტორიკოსები ვარაუდობენ, არსებობა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიწყო, როდესაც აშშ-ში, იაპონიასა და საბჭოთა კავშირში ელექტრონული სხივების გამოყენებით გამოსახულების გარკვეულ მანძილზე გადაცემისა და მიღებისთვის პირველი ექსპერიმენტები ტარდებოდა.

ტელემაუწყებლობა მასობრივად მე-20 საუკუნის შუა წლებში გავრცელდა, ხოლო 70-იანი წლების ბოლოს მან, პრაქტიკულად, მთელი მსოფლიო მოიცვა. სატელევიზიო სამყარო მრავალმხრივია და გეოგრაფიული საზღვრები თითქმის არ გააჩნია, რადგან მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, რომელშიც ტელემაუწყებლობა არ არის. ამჟამად ძნელი წარმოსადგენია, რომ დაახლოებით 100 წლის წინ ტელევიზია არ არსებობდა.

ტელევიზიამ დიდი პროგრესი განიცადა და ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა; იგი ინფორმაციის მიწოდებისა და გადაცემის საუკეთესო საშუალებაა. ტელევიზიამ დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოების განვითარებაზე და ახლაც დიდ გავლენას ახდენს ჩვენზე.  დღესდღეობით ტელესივრცეში არაერთი არხია, რომლებიც  მრავალფეროვან და საინტერესო გადაცემებს გვთავაზობენ.

21-ე საუკუნემ ბევრი სიახლე მოუტანა ტელევიზიას. თუკი ათწლეულების განმავლობაში საყვარელი გადაცემის საყურებლად სწორედ მაშინ უნდა ვყოფილიყავით ტელევიზორთან, როცა ამ გადაცემას ტელევიზია პირდაპირ ეთერში უშვებდა, დღესდღეობით გაჩნდა უფრო კომფორტული და მაყურებელზე მორგებული ალტერნატივა: გვაქვს შესაძლებლობა, რომ მაშინ ვუყუროთ ჩვენთვის საინტერესო გადაცემას - საინფორმაციოსა თუ ფილმს - როცა ეს ჩვენთვისაა მოსახერხებელი. აღნიშნული ფუნქცია, ანუ დროში წანაცვლებული ყურება, ხალხში „გადახვევის“ სახელწოდებითაა ცნობილი და მისით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს.

პირველი ნაბიჯები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ მე-20 საუკუნეში გადაიდგა, როცა ციფრული ვიდეოჩამწერების შემოსვლასთან ერთად, 1999 წელს ელექტრონიკის შოუზე ლას-ვეგასში (ნევადას შტატი) გაიყიდა მოწყობილობები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იყო პირდაპირი სატელევიზიო მაუწყებლობის შეჩერება.

პერსონალური ვიდეოჩამწერების მზარდი ტენდენციის საპასუხოდ, 2010 წლის დასაწყისში უკვე ავსტრალიაშიც გამოჩნდა მსგავსი მოწყობილობები. OzTAM-მა  დროში წანაცვლებული ყურების სერვისი შეიტანა ავსტრალიურ ოჯახებში. 1991 წლის შემდეგ,  როცა ავსტრალიის სატელევიზიო აუდიტორიის მზომი ფიფლმეტრები შემოიღეს, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება. აღნიშნული სერვისი საშუალებას იძლეოდა 28 დღემდე გადახვევით გეყურებინათ უკვე გასული ნებისმიერი სატელევიზიო გადაცემისთვის. ასევე, გესარგებლათ პირდაპირი ყურებისას ე.წ. „დაპაუზების“ ფუნქციით. 

Nielsen-მა გამოიკვლია, თუ როგორ არის მიდრეკილი მაყურებელი უყუროს ტელევიზორს გადახვევის ფუნქციის გამოყენებით. აღმოჩნდა, რომ ტელევიზორის ყურების ქცევის ალტერნატიული გზის გამოჩენამ ხელი შეუწყო იმას, რომ მაყურებელი გახდა უფრო მომთმენი. კვლევაში აღნიშნულია, რომ იმ აუდიტორიის გათვალისწინებით, რომელიც აქტიურად იყენებს გადახვევის ფუნქციას,  შესაძლებელია სულ უფრო და უფრო მეტ მაყურებელთან მიღწევა. მარტივად რომ ვთქვათ, როცა ყველა მაყურებელს ითვალისწინებ, მაშინ ყველანაირი ყურებაც გასათვალისწინებელია. 2019 წლის პირველ კვარტალში აშშ-ში 18 წელს გადაცილებული აუდიტორია ყოველ კვირას თითქმის ოთხ საათს უთმობდა დროში წანაცვლებულ ყურებას. 

2019 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში კი (Media Nations: UK 2019) დიდ ბრიტანეთში გადახვევის ფუნქციით  დღეში საშუალოდ 30 წუთის განმავლობაში სარგებლობდნენ, რაც მთლიანი მაჩვენებლის 15.6%-ია. The Nielsen Total Audience Report 2018-ის მიხედვით, აშშ-ს აუდიტორია გადახვევით უყურებს კვირაში 3 საათსა და 27 წუთს. საფრანგეთში კი 2019 წელს 7,8 მილიონმა ფრანგმა გამოიყენა გადახვევის სერვისი გადაცემების საყურებლად, 13%-ით მეტმა, ვიდრე 2017 წელს. 

2016 წელს ამერიკაში ყველაზე მეტად პრაიმ-თაიმში ახვევდნენ არხებს: 

  • MSNBC, 19%;
  • Food Network, 15%;
  • Fox News Channel, 12%;
  • USA Network 12%,
  • TBS, 12%;
  • CNN, 11%.

 

2016 წელს ამერიკაში ყველაზე მეტად ახვევდნენ გადაცემებს: 

  • Caught on Camera with Nick Cannon, NBC  89%
  • Jimmy Kimmel Live, ABC 88%;
  • Dateline: On Assignment, NBC 87%;
  • America’s Funniest Home Videos, ABC 86%;
  • The Carmichael Show, NBC 85%.

 

2018 წელს ჩატარებულ კარნეგი მელონის უნივერსიტეტის კვლევაში მკვლევრები აკვირდებოდნენ 50 000-ზე მეტ ოჯახს. ზოგიერთ ოჯახს ექვსი კვირით გადაეცა პრემიუმ სატელევიზიო არხები, რომლებიც მოიცავდა პოპულარულ ფილმებსა და შოუებს სარეკლამო ჭრების გარეშე. ზოგიერთ მომხმარებელს მიეცა წვდომა გადახვევის ფუნქციაზე, რამაც მკვლევრებს საშუალება მისცა დაენახათ, თუ რა გავლენას ახდენს ტექნოლოგია მომხმარებელთა ყურების ქცევაზე.

კვლევამ აჩვენა, რომ  პრემიუმ არხებზე გადახვევის ფუნქციით წვდომამ საშუალოდ გაზარდა ოჯახების მიერ ტელევიზიის მთლიანი მოხმარება. დროში წანაცვლების ტექნოლოგიის არსებობამ არ შეცვალა მომხმარებლების მიერ პირდაპირ ეთერში ყურების დრო, მაგრამ გაზარდა ტელევიზიის მთლიანი მაყურებლობის კონცენტრაცია, რადგან მაყურებლები არაპროპორციულად იყენებდნენ გადახვევის ფუნქციას პოპულარული პროგრამების საყურებლად. კვლევამ ასევე დაადგინა, რომ გადახვევის ფუნქციას უფრო ხშირად იყენებდნენ სატელევიზიო გადაცემებისა და ფილმების საყურებლად და არც ისე ხშირად ახალი ამბებისა და სპორტის  საყურებლად. 

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ როდესაც საქმე ეხება სპორტულ ღონისძიებას, მიუხედავად სოციალური მედიის გავლენისა და დროში წანაცვლებული ყურების შესაძლებლობისა, მაყურებელი სპორტული ღონისძიებების ყურებისას უპირატესობას პირდაპირ ეთერს ანიჭებს. 2014 წლის Nielsen-ის კვლევამ აჩვენა, რომ სპორტული ღონისძიებების 95%-ის ყურება პირდაპირ ეთერში ხდება. 2014 წელს პირდაპირ ეთერში ყურებად ტოპ 100 გადაცემას შორის 93 სპორტის ჟანრს მიეკუთვნებოდა, როცა 10 წლის წინ იგივე მაჩვენებლით მხოლოდ 14 გადაცემა იყო სპორტი. 

2019 წელს გამოქვეყნებულ Glance/Médiametrie-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დროში წანაცვლებული ყურების მაყურებელთა საშუალო ასაკი 50 წელია. თუმცა აღსანიშნია ის ფაქტიც, რომ ყველა შესწავლილ ქვეყანაში დროში წანაცვლებული ყურების მაყურებლის ასაკი პირდაპირ ეთერში ყურების მოყვარულთა ასაკზე დაახლოებით შვიდი წლით ახალგაზრდაა. კვლევის მიხედვით ასევე აღმოჩნდა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ნიდერლანდებში უფრო მეტი ხანდაზმული მაყურებელი სარგებლობს გადახვევის ფუნქციით, ვიდრე საფრანგეთსა და ესპანეთში. 

2021 წლის აპრილში ჩატარებული ონლაინ გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც, 50-დან 59 წლამდე ასაკის იაპონელი მამაკაცების 61%-ზე მეტი ხშირად უყურებს სატელევიზიო პროგრამებს დროში წანაცვლებით. ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, იაპონიაში როგორც ჩანს, დროში წანაცვლების ფუნქცია უფრო პოპულარულია უფროს ასაკობრივ ჯგუფებში, ვიდრე ახალგაზრდა თაობაში.

გადახვევის ფუნქციით სარგებლობა უკვე ბევრ ოჯახში იქცა ნორმად, თუმცა მან სარეკლამო კომპანიებს ერთგვარი თავსატეხი გაუჩინა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მაყურებელი გადახვევის ფუნქციით სარგებლობს, არის ის, რომ  შეუძლია გამოტოვოს მომაბეზრებელი რეკლამა და განაგრძოს გადაცემის ყურება. ამ ფაქტმა სარეკლმო კომპანიებისთვის საჭირო სამიზნე სეგმენტის მოპოვება გაართულა. თუ ისტორიას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ტერმინი "საპნის ოპერა"  პირველი სარეკლამო მოდელიდან მომდინარეობს ჯერ კიდევ რადიოს ეპოქაში, როდესაც რადიოდრამებს აფინანსებდნენ სარეცხი საშუალებებისა და ჭურჭლის სარეცხი სითხის მწარმოებელი კომპანიები. ეს იმიტომ,  რომ ადამიანები, რომლებიც ყველაზე მეტად უსმენდნენ დღის ეთერში გასულ დრამებს, იყვნენ დიასახლისები და დედები. აღნიშნული კომპანიების სამიზნე სეგმენტი კი სწორედ ისინი  იყვნენ.

თითქმის მთელ მსოფლიოში რეკლამის განმთავსებლები დღემდე  უხდიან ტელევიზიებს იმ მასალის გაშვებისათვის, რომელსაც ჩვენ უფასოდ ვუყურებთ და სურთ მიიღონ სწორად ის კონკრეტული აუდიტორია, რომელიც მათ პროდუქციას შეიძენს ან მათი სერვისით ისარგებლებს. მართალია, გადახვევის ფუნქციის გამოჩენამ სარეკლმო კომპანიებისთვის საჭირო სამიზნე სეგმენტის მოპოვება გაართულა,  თუმცა წლების გასვლასა და საჭირო გამოცდილების დაგროვებასთან ერთად, მთვლელმა კომპანიებმა მოახერხეს დივერსიფიცირება და გაზომვის დროს ყველანაირი მაყურებლის გათვალისწინება: იმათი, ვინც პირდაპირ ეთერში უყურებს და იმათი, ვინც 24 საათიანი ან 7 დღიანი გადახვევის ფუნქციით სარგებლობს.

გადახვევის ფუნქციის გამოყენება სულ უფრო და უფრო მზარდია საქართველოშიც. „ტრი მედია ინტელიჯენსი“ იყო პირველი, ვინც საქართველოს სატელევიზიო სივრცეში 2016 წლიდან დროში წანაცვლებული ყურების გაზომვა დაიწყო. ასევე „ტრი მედია ინტელიჯენსმა“ პირველად შემოიტანა სტუმრის ყურების ვალუტაც, რის შემდეგაც საქართველოში სარეკლამო დრო სწორად გადახვევისა და სტუმრის ყურების გათვალისწინებით იყიდება. „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მონაცემებზე დაყრდნობით, 2018 წლიდან 2022 წლის მაისის ჩათვლით, წლიურად საშუალოდ მაყურებლის 11% სარგებლობს დროში წანაცვლებული ყურებით. თუმცა 2020 და 2021 წლებში ეს მაჩვენებელი 12% და 13%-მდე გაიზარდა, რაც, შესაძლოა, გამოწვეული იყო პანდემიით. ლოქდაუნის პერიოდში ზოგადად სატელევიზიო ყურების მატებასთან ერთად, იმატა გადახვევის ფუნქციით სარგებლობამაც. აღნიშნული პროცენტული მატების მიზეზი ასევე შეიძლება იყოს IPTV-ის (ტელევიზია, რომელიც ტრადიციული საეთერო ან საკაბელო მაუწყებლობის ნაცვლად მომხმარებელს მიეწოდება კომპიუტერული ქსელებისთვის შექმნილი ტექნოლოგიით, მაგ.: „სილქნეტი“, „მაგთი“) მოხმარების ზრდა თბილისსა და დანარჩენ 6 ქალაქში (რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი). 2017 წლიდან 2020 წლამდე თბილისში IPTV-ის მოხმარება 40%-დან 53%-მდე გაიზარდა, ხოლო დანარჩენ 6 ქალაქში - 34%-დან 68%-მდე.

გრაფიკი 1.

ტელეყურებაზე 5  წლის დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ საქართველოს 7 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, გორი, ქუთაისი, ზუგდიდი, ბათუმი, ფოთი) მაყურებელი ყველაზე მეტად ახვევს „იმედს“, „მთავარ არხს“, „ჯი-დი-ესსა“ და „რუსთავი 2“-ს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოშიც, დროში წანაცვლებული ყურების საშუალო ასაკი წლიდან წლამდე იზრდება. მე-2 გრაფიკზე ჩანს, რომ თუ 2018 წელს გადახვევის ფუნქციის საშუალო ასაკი 41 წელი იყო, 2021 და 2022 წლებში საშუალო ასაკი 45-მდე გაიზარდა. 

გრაფიკი 2. 

რაც შეეხება ჟანრებს, 2018 წელს გადახვევის ფუნქციის სარგებლობით ლიდერობდა ფილმების ჟანრი, ხოლო 2019 წლიდან 2022 წლის მაისის თვის ჩათვლით, დროში წანაცვლებული ყურებით ლიდერობს სერიალის ჟანრი. ქართველი მაყურებელი ყველაზე ნაკლებად  ახვევს შემეცნებით და სპორტული ჟანრის გადაცემებს.

გრაფიკი 3. 

ქართულ ტელესივრცეში 2018 წლიდან დროში წანაცვლებული ყურების უპირობო ლიდერია ქართული სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“. უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში ტოპ გადახვევად სატელევიზიო გადაცემებში ის მუდმივად პირველ ადგილზეა.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 9 August, 2022