ფიბა ევრობასკეტი 2022
1 სექტემბრიდან საქართველო კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს, რომლის ტრანსლაციაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის” პირდაპირ ეთერში მიმდინარეობს.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები პირველ შეხვედრაში მცირედი სხვაობით 76:79 (ოვერტაიმის გათვალისწინებით) ბელგიის ნაკრებთან დამარცხდა. მატჩი თბილისის დროით 20:50-ზე დაიწყო და წუთში საშუალოდ 111 ათასმა ტელემაყურებელმა ნახა. მატჩის მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 26 „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე“ იყო მიმართული.
მეორე შეხვედრა 3 სექტემბერს, A ჯგუფის ფავორიტი ნაკრების, ესპანეთის წინააღმდეგ გაიმართა, რომელიც ესპანეთის სასარგებლოდ 90:64 ანგარიშით დამთავრდა. მატჩს ტელევიზიით წუთში საშუალოდ 95 ათასმა ინდივიდმა უყურა, რის შედეგადაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ სატელევიზიო წილმა 23% შეადგინა.
ევრობასკეტი 2022-ის რიგით მესამე შეხვედრა საქართველოში 4 სექტემბერს ჩატარდა და ამჯერად საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა თურქეთის წინააღმდეგ 88:83 (2 ოვერტაიმის გათვალისწინებით) ანგარიშით გაიმარჯვა. მატჩის ტრანსლაცია პირდაპირ ეთერში თბილისის დროით 21 საათზე დაიწყო და წუთში საშუალოდ 119 ათასმა ტელემაყურებელმა ნახა, შედეგად „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ წილი სრულ სატელევიზიო ყურებაში 27%-მდე გაიზარდა.
აღნიშნული მატჩების მაყურებელთა 68% თბილისის, ხოლო 32% რეგიონის წარმომადგენელი იყო. რაც შეეხება მატჩების მაყურებელთა ასაკობრივ განაწილებას, ყველაზე მეტი, მაყურებელთა 23% არხს 45-62 წლამდე კაცების კატეგორიაში ჰყავდა, ხოლო ქალების შემთხვევაში ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი (16%) - 18-45 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. სამივე მატჩის ტრანსლაციის შედეგად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ რეიტინგი გაიზარდა და სრულ სატელევიზიო ყურებაში მეორე ადგილი დაიკავა.
მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს სადაც კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ ზომავს სატელევიზიო ყურებას. მონაცემები აღებულია 4 წელს ზემოთ მოსახლეობისგან, სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.
By სოფიო ლეჟავაOn 5 September, 2022