ევრობასკეტის ფინალური მატჩი

18 სექტემბერს კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი გაიმართა, რომლის ტრანსლაციაც „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის” პირდაპირ ეთერში მოხდა. ფინალში ერთმანეთს საფრანგეთისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. ანგარიში 88:76 დამთავრდა ესპანეთის სასარგებლოდ. ესპანეთის საკალათბურთო ნაკრები ევრობასკეტი 2022-ის ჩემპიონია.

მატჩი თბილისის დროით 22:19-ზე დაიწყო და წუთში საშუალოდ 42 ათასმა ტელემაყურებელმა ნახა. მატჩის მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 11% „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე“ იყო მიმართული. 

აღნიშნული მატჩის მაყურებელთა 78% თბილისის, ხოლო 22% რეგიონის წარმომადგენელი იყო. რაც შეეხება მატჩის  მაყურებელთა ასაკობრივ განაწილებას, ყველაზე მეტი, მაყურებელთა  27% არხს  45-62 წლამდე კაცების კატეგორიაში ჰყავდა, ხოლო ქალების შემთხვევაში, ყველაზე მაღალი  პროცენტული მაჩვენებელი (21%) - 18-45 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში. 

გუშინვე გაიმართა მესამე ადგილის მოსაპოვებელი თამაში გერმანიასა და პოლონეთს შორის, რომელიც თბილისის დროით 20:10-ზე დაიწყო და გერმანიის გამარჯვებით დასრულდა. აღნიშნული მატჩი 34 ათასმა ტელემაყურებელმა ნახა.

ორივე მატჩის ტრანსლაციის შედეგად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის“ რეიტინგი გაიზარდა და სრულ სატელევიზიო ყურებაში მესამე ადგილი დაიკავა. 

 

მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს სადაც კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ ზომავს სატელევიზიო ყურებას. მონაცემები აღებულია 4 წელს ზემოთ მოსახლეობისგან, სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 19 September, 2022