სეტანტა სპორტ არხები

"ტრი მედია ინტელიჯენსი" ახდენს 69 არხის რეფერენსირებას, რომელთა შორისაცაა უკვე  სპორტული არხები: „სეტანტა სპორტ 1“, „სეტანტა სპორტ 2“ და „სეტანტა სპორტ 3“. აღნიშნული არხები „ტი-ემ-აის“ მიერ რეფერენსირებად არხების სიას  7 სექტემბრიდან დაემატა. ამ ეტაპისთვის არხებზე მიმდინარეობს სერია A-სა და ევროპის ჩემპიონთა ლიგის საფეხბურთო მატჩების ტრანსლირება.

ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც ნაპოლის გუნდში ასპარეზობს, ქართველ ტელემაყურებელში უამრავი გულშემატკივარი ჰყავს. ქვემოთ მოცემული გრაფიკები ასახავს „სეტანტა სპორტ 1“-სა და „სეტანტა სპორტ 3“-ის დღის საერთო რეიტინგის მაჩვენებლების ცვლილებას კვარაცხელიას თამაშების დროს.

7 სექტემბერს „სეტანტა სპორტ 1“-ზე  ჩემპიონთა ლიგის მატჩი ნაპოლი-ლივერპული გაიმართა. ამ დღეს არხის მაჩვენებელი წუთში საშუალოდ 2 ათასი ტელემაყურებელი იყო. "სეტანტა სპორტ 1"-მა იმ საათობრივ ზოლში (22:50-00:55), როცა მატჩი გავიდა, 7 სექტემბერს არხების ტოპეულში მეოთხე ადგილი დაიკავა წუთში საშუალოდ 18 ათასი  მაყურებლით. მას უსწრებდა “საზ. მაუწყებლის პირველი არხი” - 24 ათასი მაყურებლით, “იმედი” - წუთში საშუალოდ 46 ათასი მაყურებლით და “სილქ იუნივერსალი” 83 ათასი მაყურებლით. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ამ მატჩის ტრანსლირება პარალელურად „სილქ უნივერსალზეც“ ხდებოდა, რომელსაც წუთში საშუალოდ 85 ათასი ტელემაყურებელი ჰყავდა.

18 სექტემბრის მატჩი კი - მილანი-ნაპოლი, საქართველოში მხოლოდ „სეტანტა სპორტ 1“-ის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და არხის საშუალო მაჩვენებელი  წუთში საშუალოდ 8 ათასი მაყურებელი იყო, ხოლო თვითონ მატჩს საშუალოდ 49 ათასმა მაყურებელმა უყურა.

რაც შეეხება „სეტანტა სპორტ 3“-ს, საქართველოში მხოლოდ ამ არხზე გადაიცემოდა ნაპოლი-სპეციას სერია A-ს მატჩი, რომელიც წუთში საშულოდ 13 ათასმა ტელემაყურებელმა ნახა, ხოლო არხის საშუალო მაჩვენებელი დღის განმავლობაში 1500 მაყურებელი იყო.  14 სექტემბერს გამართულ მატჩს ნაპოლი-რეინჯერი „სეტანტა სპორტ 3“-ზე წუთში საშუალოდ 5 ათასი მაყურებელი ჰყავდა, ხოლო არხის მაჩვენებელი ამ დღეს წუთში საშულოდ 500 მაყურებელი იყო. აღსანიშნავია, რომ მატჩი ნაპოლი-რეინჯერი პარალელურად გადიოდა „სილქ უნივერსალზეც“, რომელსაც წუთში საშუალოდ 82 ათასმა მაყურებელმა უყურა.

 

მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს სადაც კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ ზომავს სატელევიზიო ყურებას. მონაცემები აღებულია 4 წელს ზემოთ მოსახლეობისგან, სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.

 

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 20 September, 2022