"მასტერშეფის" მერვე სეზონი დაიწყო

25 სექტებერს „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე“ „მასტერშეფის“ მერვე სეზონის პირველი გადაცემა გავიდა. როგორც აღმოჩნდა, ამ სეზონზე მაყურებლისთვის ნაცნობი, ძველი სეზონების მოთამაშეები მონაწილეობენ. ჟიურის ოთხივე წევრი უცვლელი შემადგენლობით წარსდგა მონაწილეების წინაშე.

გადაცემა ჩვეულ დროს, 22:00-ზე დაიწყო და ის წუთში საშუალოდ 46 ათასმა მაყურებელმა ნახა. გადაცემის მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 11% მიმართული იყო „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე“. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი 12 ათასით ნაკლებია წინა სეზონის პირველ გადაცემასთან შედარებით. მეშვიდე სეზონის პირველ გადაცემას წუთში საშუალოდ 58 ათასმა მაყურებელმა უყურა და „საზ. მაუწყებლის პირველი არხის“ წილმაც 12% შეადგინა.

„მასტერშეფის“ მერვე სეზონის პირველი გადაცემის მაყურებელთა 64% თბილისის, ხოლო 36% რეგიონის წარმომადგენელი იყო. რაც შეეხება გადაცემის მაყურებელთა ასაკობრივ განაწილებას, ყველაზე მეტი, მაყურებელთა 30% არხს 18-44 წლამდე ქალების კატეგორიაში ჰყავდა, ხოლო კაცების შემთხვევაში, ყველაზე მაღალი  პროცენტული მაჩვენებელი 19% - იგივე ასაკობრივ კატეგორიაში. ზოგადად, პირველი გადაცემის მაყურებელთა 55%-ს ქალები შეადგენდნენ, ხოლო 45%-ს კაცები.

 

მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს სადაც კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ ზომავს სატელევიზიო ყურებას. მონაცემები აღებულია 4 წელს ზემოთ მოსახლეობისგან, სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით.

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 27 September, 2022