"ვანოს შოუ" "ტვ პირველზე"
„მთავარ არხზე“ დახურვის შემდეგ, „ვანოს შოუ“ 23 სექტემბერს პირველი გადაცემით „ტვ პირველზე“ გავიდა. იუმორისტული გადაცემა იგივე დროს, პარასკევს, 22:00 საათზე დაიწყო.
„ტვ პირველზე“ გასულ პირველი სეზონის პირველ გადაცემას წუთში საშუალოდ 42 ათასმა მაყურებელმა უყურა. გადაცემის მიმდინარეობისას მთლიანი სატელევიზიო ყურების 9% მიმართული იყო „ტვ პირველზე“, მაშინ როდესაც, „მთავარ არხზე“ 2021 წლის 10 სექტემბერს გასულ ბოლო სეზონის პირველ გადაცემას წუთში საშუალოდ 108 ათასი მაყურებელი ჰყავდა და სრული სატელევიზიო ყურების 26% იყო მიმართული „მთავარ არხზე“.
„მთავარი არხის“ შექმნამდე კი „ვანოს შოუ“ „რუსთავი 2“-ზე გადიოდა და იქაც არხის მთავარ იუმორისტულ შოუს წარმოადგენდა. „რუსთავი 2“-ზე 2018 წლის 14 სექტემბერს გასულ ბოლო სეზონის პირველ გადაცემას წუთში საშუალოდ 189 ათასმა მაყურებელმა უყურა.
23 სექტემბერს „ტვ პირველზე“ გასული გადაცემის მაყურებელთა გადანაწილება თბილისსა და რეგიონს შორს თითქმის თანაბარი იყო: გადაცემის მაყურებელთა 52% თბილისის წარმომადგენელი იყო, ხოლო 48% - რეგიონის. რაც შეეხება გადაცემის მაყურებელთა ასაკობრივ განაწილებას, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტი, მაყურებელთა 27% არხს 18-44 წლამდე კაცები კატეგორიაში ჰყავდა, ხოლო ქალების შემთხვევაში, ყველაზე მაღალი პროცენტული მაჩვენებელი 20% - 45-62 ასაკობრივ კატეგორიაში.
მონაცემები ემყარება თბილისისა და საქართველოს 6 დიდი ქალაქის (რუსთავი, გორი, ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ფოთი) პანელს სადაც კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსი“ ზომავს სატელევიზიო ყურებას. მონაცემები აღებულია 18 წელს ზემოთ მოსახლეობისგან, სტუმრებისა და დროში წანაცვლებული ყურების გათვალისწინებით
By სოფიო ლეჟავაOn 27 September, 2022