ახალი ამბები

1948 წელს NBC-ზე პირველი სატელევიზიო ახალი ამბები გავიდა, რომელიც ყოველკვირეული იყო და მხოლოდ 10 წუთი გრძელდებოდა.  კომენტატორი ჯონ ქემერონ სვეიზი (John Cameron Swayze) ამ შოუსთვის ახალ ამბებს ეკრანს მიღმა კითხულობდა, ეკრანზე კი კინოქრონიკა გადიოდა. ამავე წლის აგვისტოს თვეში CBS-მა 15 წუთიანი ყოველდღიური (სამუშაო დღეები) ახალი ამბების ტრანსლირება დაიწყო, რომელსაც დაგლას ედვარდსი (Douglas Edwards) უძღვებოდა. 

1949 წელს ABC-მ ღამის საინფორმაციო გადაცემების მომზადება დაიწყო და რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა. 

სამოციან წლებში ტექნოლოგიების გაუმჯობესებამ პირდაპირი ტრანსლაციის შესაძლებლობა წარმოშვა. მაუწყებლები 30 წუთიან სამაუწყებლო ფორმატზე გადავიდნენ.  ოთხმოციანი წლებისთვის კი სამაუწყებლო ქსელებმა შორეული ადგილებიდან უფრო სწრაფი და ეფექტური ტრანსლაციისთვის მობილური თანამგზავრის გამოყენება დაიწყეს. 

1980-იან წლებში, მას შემდეგ, რაც მაუწყებლობა CNN-მა დაიწყო,  ახალი ამბები   ხელმისაწვდომი გახდა 24/7-ზე, რამაც ქსელებს კონკურენციის გასაწევად დილისა და გვიანი ახალი ამბების წარმოებისკენ უბიძგა. 

ქართულ ტელესივრცეში ახალი ამბები პირველად საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე გადიოდა კვირაში სამჯერ. მას „უკანასკნელი ცნობები“ ერქვა და საეთერო დროის  მხოლოდ 10 წუთს იკავებდა. შემდეგ დაიწყო „მოამბე“, პირველი ქართული არხის პირველი საინფორმაციო გამოშვება, რომელსაც სამოცდაათიან წლებში მხოლოდ 25 ადამიანი ამზადებდა. 

მიუხედავად ციფრული ინდუსტრიის განვითარებისა, სატელევიზიო ახალი ამბები კვლავ აქტუალურია, განსაკუთრებით კი ისეთი მოვლენების დროს, როგორებიცაა: არჩევნები, პანდემია, ომი.

Comscore-ის მონაცემებით, 2020 წელს, როცა გლობალურ პანდემიას აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებიც დაემატა, საღამოს და დღის საკაბელო ახალი ამბების აუდიტორია  სამი ძირითადი საკაბელო არხისთვის (CNN, Fox News და MSNBC) გაიზარდა. 2020 წელს Fox News-ის პრაიმის (20:00-23:00) აუდიტორია 2019 წელთან შედარებით 61%-ით გაიზარდა; CNN-ის აუდიტორია - 72%, ხოლო MSNBC-ის - 28%-ით.  ასევე, არჩევნების პერიოდში საკაბელო ახალი ამბების ყურების მაჩვენებელში გაიზარდა 25-დან 54 წლამდე ზრდასრული მოსახლეობის წილი. Nielsen-ის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს Fox News-ის ყოველდღიური ყურების პროცენტული მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით 40.3%-ით, ხოლო CNN-ისა - 79.8%-ით გაიზარდა.  2022 წლის მეორე კვარტალში  ყველაზე რეიტინგული საკაბელო საინფორმაციო ქსელი Fox News იყო. 

ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსად, ახალი ამბებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების ყურების მაჩვენებელი პანდემიის დასაწყისში საქართველოშიც გაიზარდა. მაგალითად, 2020 წლის მარტში ახალი ამბებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების ყურების მაჩვენებელი დაახლოებით 30%-ით მეტი იყო   2019 წელთან შედარებით, ხოლო აპრილის თვეში - დაახლოებით 40%-ით მეტი. 2022 წელს  ახალი ამბების ყურებაზე გავლენა ომმა მოახდინა და, შესაბამისად, თებერვალსა და მარტში საინფორმაციო გამოშვებებისა და პოლიტიკური თოქ-შოუების რეიტინგი  სხვა თვეებთან შედარებით მაღალი იყო.

საინფორმაციო გამოშვებებში 2019 წლიდან 2022 წლის 12 ივლისის ჩათვლით ტელეკომპანია „იმედი“ ლიდერობს. განსხვავებული ვითარება იყო 2018 წელს, როცა პირველ ადგილს „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვებები იკავებდა.

   

   

2022 წელს საინფორმაციო გამოშვებებში კვლავ „იმედი“ ლიდერობს, ხოლო ყველაზე რეიტინგული საინფორმაციო გამოშვებაა „ქრონიკა 20:00-ზე“, რომელსაც მიმდინარე წელს პირდაპირ ეთერში წუთში საშუალოდ 76 ათასმა ინდივიდმა უყურა. 

ავტორი:

სოფიო მახარაძე

სოფიო ლეჟავა

By სოფიო ლეჟავაOn 25 October, 2022