სატელევიზიო ტოკშოუ

ტოკშოუ ერთგვარი სიმბოლოა,  რომლის  მეშვეობითაც ადამიანები საკუთარ თავს უფრო დიდი ჯგუფის წარმომადგენლებთან აიგივებენ. წამყვანები ცდილობენ მეგობრული და ინტიმური განცდით ჩართონ აუდიტორია ინტერაქციაში. 

ტოკშოუების ერთ-ერთი ძირითადი გასართობი სტრატეგია კონფლიქტია, ამიტომაც მათი შემქნელები ისეთი სტუმრების მოწვევას ცდილობენ, რომლებსაც  საჯარო სივრცისადმი განსხვავებული დამოკიდებულება და გამოცდილება აქვთ. მათ მოაქვთ როგორც სიახლე, ისე - კონფლიქტი.  გარდა ამისა, ტოკშოუ არის დევიანტებისთვის  საჯარო სივრცის შეთავაზება ტაბუდადებულ თემებზე სალაპარაკოდ.  იმ ადამიანებს, რომლებიც გარიყულნი არიან საჯარო სივრციდან, ტოკშოუ საშუალებას აძლევს, ისაუბრონ თავიანთ სექსუალურ ცხოვრებაზე, ოჯახურ ძალადობაზე და ა.შ.... 

ემოციური მომენტები, რომლებსაც შოუები ასე ელტვიან,  რეიტინგის მოპოვების სტრატეგიაცაა და  სტუმრის სანდოობისა და შესაბამისობის (ავთენტურობის) დასტურიც. ემოცია უფრო მეტად აძლიერებს სტუმრის ავტორიტეტს. ემოციის გამჟღავნებას პროდიუსერები აუდიტორიის მოსაზიდად  იყენებენ, ხოლო სტუმრები - საჯარო სივრცეზე წვდომის მისაღებად. 

სატელევიზიო ტოკშოუ, როგორც ჟანრი, მეოცე საუკუნეში დაიბადა. ტოკშოუ სხვა ჟანრებისგან განსხვავებით, სხვადასხვა პრინციპებისა და წესების ერთობლიობით ხასიათდება. პირველი პრინციპის მიხედვით, მას უძღვება წამყვანი/წამყვანთა ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებელია სასაუბრო თემის მიმართულებაზე, ტონსა და საკითხის დაფარვის საზღვრებზე. წამყვანები მოქმედებენ, როგორც მთავარი რედაქტორები და მარკეტინგული თვალსაზრისით ისინი  ყიდიან პროდუქტს. მეორე პრინციპი კი ისაა, რომ სატელევიზიო ტოკშოუ ყოველთვის ინარჩუნებს აწმყო დროის ილუზიას მიუხედევად იმისა, ეს არის პირდაპირი ეთერი თუ განმეორებითი ჩვენება. ასევე, ის არის სპონტანური, მაგრამ უაღრესად სტრუქტურირებული. 

არსებობს სატელევიზიო საუბრების სამი ქვეჟანრი: გვიანი ღამის გასართობი ტოკშოუ, დღის შოუ აუდიტორის მონაწილეობით და ჟურნალის ფორმატის დილის  შოუ.  

გვიანი  ღამის გასართობი შოუ  „The  Tonight Show“, რომელიც მოდელირებულია სტივ ალენისა და ჯეკ პაარის მიერ (1954-1961), სტუმრისა და მასპინძლის სასიამოვნო, მხიარულ შეხვედრებს ეფუძნება. გვიანი ტოკშოუები - „Broadway Open House“და „The Tonight Show“ - ქსელურ ტელევიზიაში 1950 -იან წლებში გახდა დომინანტური. სამოციანი წლების ბოლოს და სამოცდაათიანების დასაწყისში  გვიანი ღამის შოუს აუდიტორია გაიზარდა ღამის შოუს, „Tonight“-ის წამყვან ჯონი კარსონსა  და  მის კონკურენტებს შორის საჯარო დაპირიპირებით.

გვიანი ღამის  ტოკშოუ   ცნობად სახეებთან იუმორისტული ელფერის ინტერვიუებსა და მუსიკალურ წარმოდგენებს აერთიანებს. ტოკშოუში გაჟღერებული ხუმრობები საზოგადოებას შანსს აძლევს, გათავისუფლდნენ სოციალურ-კულტურული წესრიგისგან, რადგან ხუმრობა არ არსებობს სოციალურ და კულტურულ გარემოსთან ურთიერთობის გარეშე. 

აუდიტორის მონაწილეობით დღის ტოკშოუს ფორმატი 1967 წელს შექმნა ფილ დონაჰიუმ. სტუდიის აუდიტორიის წევრები იყვნენ შოუს სრულფასოვანი მონაწილეები და ისინი პირდაპირ დიალოგში ერთვებოდნენ მოწვეულ ექსპერტებთან ან ცნობად სახეებთან, ხოლო თავად დონაჰიუ მედიატორი იყო მათ შორის. 1980-იანების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში დაიწყო გართობაზე ორიენტირებული ისეთი კომერციული ღირებულების მქონე  შოუების შექმნა, როგორებიცაა “Ricki Lake Show” და “Jerry Springer Show”.

დილის ჟურნალის ფორმატის შოუს - „Today show of Dave Garroway“ ( 1952–1959) შემქმნელი დევიდ გაროუეი იყო. 

ნილსენის მონაცემების მიხედვით, 2020-2021 წლებში  ყველაზე რეიტინგული გვიანი ღამის შოუ იყო “The Late Show with Stephen Colbert“. ეს არის ამერიკული საინფორმაციო პოლიტიკური სატირა,  რომლის პრემიერა 2015 წელს შედგა. მისი კონკურენტები არიან: "Jimmy Kimmel Live!“  და “The Tonight Show Starring Jimmy Fallon“.  „Jimmy Kimmel Live!“ შოუ პირველად 2003 წელს გავიდა “ABC”-ზე და ყველაზე ხანგრძლივი ტოკშოუს ტიტულს ატარებს, ხოლო “The Tonight Show Starring Jimmy Fallon“ -ის პრემიერა “NBC”-ზე  2014 წელს შედგა. 

ზემოხსენებული ტოკშოუების მსგავსი ფორმატის გადაცემებიქართულ ტელეარხებზეც გადის. „ტრი მედია ინტელიჯენსის“ მონაცემების მიხედვით, 2020-2022 წლებში გვიანი ღამის ტოკშოუებიდან ყველაზე რეიტინგულია ტელეკომპანია „იმედის“ „ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“, რომელსაც 2022 წელს (1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით) წუთში საშუალოდ დაახლოებით 96 ათასმა ინდივიდმა უყურა, ხოლო მეორე ადგილს „მთავარ არხზე“ გასული „ვანოს შოუ“ იკავებს 84 ათასი მაყურებლით. 2021 წელს “რუსთავი 2“-დან „ნიკა არაბიძის შოუს“  „ფორმულა“-ზე გადასვლის შემდეგ „ნიკა არაბიძის შოუ“-ს რეიტინგი დაახლოებით 70% -ით შემცირდა.  2022 წლის (1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით)  მონაცემებით, გვიანი ღამის შოუები („ღამის შოუ გიორგი გაბუნიასთან ერთად“, „ვანოს შოუ“, „ნიკა არაბიძის შოუ“, „ღამის შოუ ნოე ჟორჟოლიანთან ერთად“, „პაატა გულიაშვილის შოუ“. ილო ბეროშვილის შოუ“) დაახლოებით 19 ათასმა ინდივიდმა გადაახვია, რამაც აღნიშნული გადაცემების რეიტინგი 35%-ით გაზარდა. 

დღის შოუებში 2020-2022 წლებში  „იმედის დღე“ ლიდერობს,  რომელსაც 2022  წელს (1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით) პირდაპირ ეთერში  წუთში საშუალოდ 37 ათასმა ინდივიდმა უყურა, ხოლო მეორე და მესამე ადგილს „რუსთავი 2“-ისა და „მთავარი არხის“ ტოკშოუები ინაწილებენ. 

რაც შეეხება დილის შოუებს, 2020-2022 წლებში ყველაზე მეტი მაყურებელი როგორც სამუშაო დღეებში, ისე შაბათ-კვირას პირდაპირ ეთერში  „იმედს“  ჰყავს, ხოლო მეორე ადგილს „მთავარი არხის“ ტოკშოუ იკავებს. 

პოპულარობით სარგებლობენ შერეული ტიპის ტოკშოუები, რომლებშიც სხვადასხვა აქტუალურ თემაზე სასაუბროდ განსხვავებული მოსაზრებების მქონე სტუმრებს იწვევენ. მაგალითად: „სხვა რაკურსი გია ჯაჯანიძესთან ერთად“ („იმედი“), „პრაიმ შოუ“ („იმედი“) და „ღამის პრაიმ ტაიმი“ („რუსთავი 2“). 2020-2022 წლებში ყველაზე მეტი ტელემაყურებელი „სხვა რაკურსს“ ჰყავდა, რომელსაც 2022 წელს წუთში საშუალოდ 88 ათასმა ინდივიდმა უყურა. 2022 წელს (1 იანვრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით) აღნიშნულ ტოკშოუებზე გადახვევის რეჟიმი 22%-მა გამოიყენა, რის შედეგადაც  მაყურებლის რაოდენობამ დაახლოებით 13  ათასი ინდივიდით მოიმატა. 

 

სოფიო მახარაძე

By სოფიო მახარაძეOn 3 November, 2022